Facebook Twitter

ას-685-646-11 13 მაისი 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «... ... ...ს” წარმომადგენლის პ. ხ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით «... ... ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «... ... ...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 767 324 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით შპს «... ... ...ს” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2010 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «... ... ...მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით შპს «... ... ...ს” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «... ... ...ს” წარმომადგენელმა პ. ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს «... ... ...ს” გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 13 აპრილს (ტ6 ს.ფ.28). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2011 წლის 25 აპრილს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 26 აპრილს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «... ... ...ს” მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «... ... ...ს” წარმომადგენლის პ. ხ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს შ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.