ას-686-642-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ძე (წარმომადგენელი ბ. გ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის გადაწყვტილებით თ. ს-ძის სარჩელი მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის, ქმედების დავალდებულებისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; თ. ს-ძის რწმუნებულის მოთხოვნას, დადგენილიყო ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი და დავალებოდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცვლილებების გათვალისწინებით მოეხდინა თ. ს-ძეზე გასაცემი მინიმალური ხელფასის გადაანგარიშება, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელის მოთხოვნა _ მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს სახით 9660 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის სახით 50000 ლარის დაკისრების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ძის წარმომადგენელმა ი. ბ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2010 წლის 27 მაისს 14:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.
2010 წლის 27 მაისს დანიშნულ სხდომაზე, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის წარმომადგენლის ი. ბ-შვილის რწმუნება ხარვეზიანი იყო, ვინაიდან იგი არ იყო იურისტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, არ ჰქონდა უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო სააპელაციო წესით საქმის განხილვაში, სასამართლომ საქმის განხილვა გადადო 2010 წლის 10 ივნისს 13:00, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით აცნობა მხარეებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. ს-ძის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ს-ძის წარმომადგენელმა ბ. გ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ თ. ს-ძე, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ათეული წლებია უსინათლოა და ავადმყოფობის გამო სარეცელსაა მიჯაჭვული, მან იცოდა, რომ ჰყავდა წარმომადგენელი და შეეძლო თუ არა მის წარმომადგენელს მონაწილეობა მიეღო საქმის ზემდგომ ინსტანციებში განხილვაში, ეს მისთვის უცნობი იყო. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი და განჩინებით არ გააფრთხილა თ. ს-ძე აეყვანა ადვოკატი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ექნებოდა მიეღო მონაწილეობა სააპელაციო წესით საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში თ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მიუღებელი ხელფასის, ქმედების დავალდებულებისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ხის გადამამუშავებელ საწარმოში _ მხერხავად, 1985 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც 1985 წლის 4 ივნისს შედგენილი შემოწმების აქტით მას მუდმივად მიეკუთვნა სარჩო-ხელფასი, რომელსაც სატყეო მეურნეობა უხდიდა 1993 წლამდე. სარჩო-ხელფასის გადახდის შეწყვეტის გამო მან ვეღარ მოახერხა მკურნალობა, რის გამოც სრულად დაკარგა მხედველობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წლის 30 ივნისიდან მას განუახლა მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობის გადახდა და ამჟამადაც უხდის რეგულარულად საქართველოს მთავრობის ¹48 და ¹351 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კანონის უხეში დარღვევით, დატოვა იგი სარჩოს გარეშე 1993 წლიდან 2006 წლის 30 ივნისამდე, რითაც მან განიცადა მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი, რაზედაც პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან თ. ს-ძის სარჩელთან დაკავშირებული საქმე ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს და ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ზემოხსენებული მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში თ. ს-ძის სარჩელის დავის საგანია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მიუღებელი ხელფასის, ქმედების დავალდებულებისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ს-ძის სადავოდ ქცეული უფლება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს და იგი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებით. გასაჩივრებული განჩინება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.