Facebook Twitter

¹ას-687-648-2011 13 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდმეწარმე დ. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 27 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს «...-მა» მოპასუხეების: ინდმეწარმე დ. ბ-შვილის, ზ. მ-ძის, ლ. მ-ძის, დ. ბ-ძის, ნ. ა-შვილის, გ. გ-ძის, ს. ძ-ძის, ე. ზ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. სს «...ს» სასარგებლოდ მოპასუხეებს _ ინდმეწარმე დ. ბ-შვილს, ზ. მ-ძესა და ლ. მ-ძეს სოლიდარულად დაკისრებოდათ დავალიანების _ 40587.01 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად;

ბ. ზემოაღნიშნული თანხის ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით (ს.ფ. 2-11).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «...ს» სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს _ ინდმეწარმე დ. ბ-შვილს, ზ. მ-ძესა და ლ. მ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 40587.01 ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად; დადგინდა, რომ სს «...ს» სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ს.ფ. 154-162).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე დ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 174-183).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით ინდმეწარმე დ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ამავე განჩინებით მას დაეკისრა 1623.48 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ ინდმეწარმე დ. ბ-შვილს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით;

2011 წლის 22 მარტს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ინდმეწარმე დ. ბ-შვილი, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე მას სასამართლოსათვის არ უცნობებია;

გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის, სს «...ს» წარმომადგენელმა ინდმეწარმე დ. ბ-შვილის მიმართ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომა 2011 წლის 22 მარტს დაიწყო 16.55 საათზე და დამთავრდა 17.00 საათზე.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განმარტა, რომ თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, იმის გამო, რომ აპელანტი ინდმეწარმე დ. ბ-შვილი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ არ მოითხოვა 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდმეწარმე დ. ბ-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 250-254).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განჩინება ინდმეწარმე დ. ბ-შვილმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. იგი მოითხოვს მითითებული განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და საქმის განხილვის განახლებას.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღე და დრო _ 22 მარტი 16.00 საათი, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 მარტს მან მიიღო ტრავმა წელის არეში. ამის გამო მას შეეზღუდა გადაადგილების შესაძლებლობა და 18 მარტს მიმართა ექიმს. ექიმმა მას მისცა დანიშნულება და დაუდგინა წოლითი რეჟიმი 15-20 დღის განმავლობაში. ამავე დღეს მან განცხადებითა და შესაბამისი მტკიცებულებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, გზავნილი ჩააბარა ფოსტას ოზურგეთში და ითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადანიშვნა. ოზურგეთის ფოსტიდან მიღებული შეტყობინებით აპელანტს ეცნობა, რომ მისი გზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაჰბარდა სხდომის დღეს, ანუ 22 მარტს (ს.ფ. 266-267).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე დ. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ინდმეწარმე დ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი ინდმეწარმე დ. ბ-შვილი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებული ტრავმის გამო მას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების შესაძლებლობა, ექიმის მიერ 18.03.2011წ. გაცემული ცნობის მიხედვით, აპელანტს ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი 15-20 დღის განმავლობაში. აღნიშნულის თაობაზე, დ. ბ-შვილმა 2011 წლის 18 მარტს ფოსტის მეშვეობით, განცხადებითა და შესაბამისი მტკიცებულებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ფოსტიდან მიღებული შეტყობინებით აპელანტს ეცნობა, რომ მისი გზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაჰბარდა სხდომის დღეს _ 2011 წლის 22 მარტს (ს.ფ. 266-267, 268-272).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ი/მ დ. ბ-შვილის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე 2011 წლის 22 მარტის სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. განცხადებას თან ერთვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობაზე (ს.ფ. 255-257). ამდენად უდავოა, რომ აპელანტს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით. ზემოაღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 2011 წლის 22 მარტს (ს.ფ. 255-257).

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს აპელანტის ზემომითითებულ შუამდგომლობასა და მის დასასაბუთებულად წარდგენილ ავადმყოფობის ცნობაზე არ უმსჯელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა არსებითი საპროცესო უფლებაა სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, რაც ასევე გულისხმობს ამ შუამდგომლობების განხილვის, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ შუამდგომლობაზე უარის თქმის მოტივების ცოდნის უფლებასაც. საქმიდან არ ირკვევა, რომ აპელანტის ავადმყოფობის შესახებ 18.03.2011წ. ცნობა და განცხადება სხდომის გადადების შესახებ სასამართლოს წარედგინა სადავო განჩინების გამოტანის შემდეგ, კერძოდ, განცხადებაზე დასმული სააპელაციო სასამართლოს მისაღების შტამპი არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ საათზე იქნა წარდგენილი განცხადება სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდმეწარმე დ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ინდმეწარმე დ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.