Facebook Twitter

ას-688-644-10 19 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე Pპ. ქათამაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-იას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს “............. არბიტრაჟის” 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტ მ. ბ-იას მოთხოვნა, კერძოდ, მ. ბ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ... ქუჩაზე ნაგებობა ¹1, საერთო ფართით 52,39კვ.მ.) მდებარე უძრავი ქონება.

2010 წლის 9 ივნისს მ. ბ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს “............ არბიტრაჟის” 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით მ.ბ-იას განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2010 წლის 21 სექტემბერს 16.30 საათზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-იამ, მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის დანიშვნა უახლოეს ვადაში.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მ. ბ-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დაიშვება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების განჩინებას, რომლის გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.