Facebook Twitter

ას-689-645-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ძ-ევა (წარმომადგენელი მ. პ-ია)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ზ-იანი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჯ. კ.-ს ასული ძ-ევა გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹13-ში მდებარე 20 კვ.მ ბინიდან, მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ორი წლის ბინის ქირის გადახდა 480 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ძ-ევას წარმომადგენელმა მ. პ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მისი მარწმუნებელი საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ჯ. ძ-ევას წარმომადგენლის მ. პ-იას სააპელაციო საჩივარი ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 293-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 Dდღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ძ-ევას წარმომადგენელმა მ. პ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ჯ. ძ-ევა საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა და მისთვის არც გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნიათ, ამიტომ მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ჯ. ძ-ევას წარმომადგენლის - მ. პ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიღებისას მოქმედებდა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, გარდა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო მხარეებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირების მიერ საკასაციო წესით. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის ან პროტესტის შეტანა შესაძლებელი იყო თოთხმეტი დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან. საჩივარი ან პროტესტი, რომელიც შეტანილი იქნებოდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩებოდა და უბრუნდებოდა საჩივრის ან პროტესტის შემტან პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჯ. ძ-ევას წარმომადგენლის - მ. პ-იას სააპელაციო საჩივარი ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია ზემოაღნიშნული კოდექსით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ვინაიდან კანონმდებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას უკავშირებდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებას და საკასაციო საჩივრის ან პროტესტის შეტანის ვადის ათვლა არ იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების თარიღთან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილება საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებულია 1996 წლის 29 ოქტომბერს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლებოდა 29 ოქტომბრიდან 14 დღის ვადაში, ჯ. ძ-ევამ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 14 წლის შემდეგ – 2010 წლის 18 მაისს.

აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შეტყობინების და დაბარების ინსტიტუტის მიზანია მაქსიმალურად უზრუნველყოს ყოველი პირის უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და თავად საპროცესო კანონმდებლობით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 114-120-ე მუხლების შესაბამისად (სასამართლო შეტყობინება და გამოწვევა), მოპასუხე ჯ. ძ-ევა სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებების მიხედვით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯ. ძ-ევას, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, უწყება არ ბარდებოდა, ვინაიდან იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობდა. იმ დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებდა, რომ, თუ მოპასუხის ფაქტიური ადგილსამყოფელი არ იყო ცნობილი, სასამართლო საქმის განხილვას უნდა შესდგომოდა მას შემდეგ, როცა დაუბრუნდებოდა უწყება წარწერით, რომელიც დაადასტურებდა მის მიღებას სახლმმართველობის ან სახალხო დეპუტატების სადაბო ან სასოფლო საბჭოს მიერ, მოპასუხის უკანასკნელი ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (120-ე მუხლი), რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.

ამდენად, უდავოა, რომ მოპასუხე ჯ. ძ-ევა საქმის განხილვაში მონაწილების მისაღებად კანონით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა. გარდა ამისა, მას სადავო გადაწყვეტილების ასლი არ გაგზავნია, რისი ვალდებულებაც სასამართლოს ჰქონდა, ვინაიდან იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის მიხედვით, მხარეებსა და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ სამსჯავრო სხდომაზე, ეგზავნებათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი არა უგვიანეს სამი დღისა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე, რომ ჯ. ძ-ევასათვის სადავო გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი იყო 2010 წლამდე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე ვ. ზ-იანი კერძო საჩივარზე წარმოდგენილ შესაგებელში არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც სარწმუნოს გახდიდა, რომ ჯ. ძ-ევამ იცოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე დავისა და გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჯ. ძ-ევას მიმართ კანონიერ ძალაში შესულად ვერ ჩაითვლება და ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით დადენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოქმედების პრინციპი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ჯ. ძ-ევასთვის, კერძოდ, მისი წარმომადგენლისათვის სადავო საქმის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2010 წლის 4 მაისს, როდესაც მოსარჩელე ვ. ზ-იანმა პირადად გადასცა მას სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2010 წლის 5 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივთსაცავში საქმის მოძიებისა და საქმის ქსეროასლის გადაღების შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მოსაზრებით, ჯ. ძ-ევას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 18 მაისს, გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება ჯ. ძ-ევას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ძ-ევას წარმომადგენლის - მ. პ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.