Facebook Twitter

ას-691-647-2010 15 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. წ-ელი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 6 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ე. წ-ელმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შპს “...” მიერ 2009 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული მობილური სარელეო გამაძლიერებელი სადგურის უკანონო მშენებლობის შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით ე. წ-ელს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

საქალაქო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმით დაასაბუთა, რომ განმცხადებელი არ მიუთითებდა მომავალში აღსაძრავი სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა არარსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხი და ემსჯელა, რამდენად მიზანშეწონილი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

სასამართლოს ზემომითითებული განჩინება ე. წ-ელმა საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით ე. წ-ლის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. წ-ლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-192-ე მუხლების საფუძველზე, სწორად უთხრა უარი განმცხადებელს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

2010 წლის 4 ივნისს ე. წ-ელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ე. წ-ლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმე არ იყო სააპელაციო სასამართლოს განსჯადი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას იმ განჩინებით დამთავრებულ საქმეზე, რომელიც გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ და რომელიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება უნდა წარდგენილიყო გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. წ-ელს უსაფუძვლოდ უთხრა უარი განცხადების განხილვაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში საქმე თავად უნდა გადაეგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, რაც მას არ განუხორციელებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.

საქმის მასალების თანახმად, ე. წ-ლის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, რომლის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებითაც განმცხადებელს უარი ეთქვა უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიების გამოყენებაზე. საქალაქო სასამართლოს მითითებული განჩინება უცვლელად დარჩა ზემოდგომი სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით.

მოცემულ შემთხვევაში ე. წ-ელმა ზემოაღნიშნულ საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების არსებითად განმხილველ სასამართლოს. ამასთან, განცხადების შინაარსის მიხედვით, მხარე სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მოტივებს, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ სახეზე არ იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს მართებულად უთხრა უარი საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების მიღებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმე გადაეგზავნა განსჯადი სასამართლოსათვის, რამდენადაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. წ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.