Facebook Twitter

ას-697-653-2010 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. თ-ძე (წარმომადგენელი ბ. ბ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. თ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ძის სარჩელი მოპასუხე ა. თ-ძის მიმართ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის კომპენსაციის გადახდის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ა. თ-ძეს ნ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის კომპენსაციის სახით 30000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით ა. თ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 2 ივნისს 15:00 საათზე, რის შეახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ა. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. თ-ძის წარმომადგენელმა ბ. ბ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 2 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. თ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის, მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხვა საქმის განხილვაში და ფიზიკურად ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. თ-ძის წარმომადგენლის _ ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტ ა. თ-ძესა და მის წარმომადგენელ ბ. ბ-შვილს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ უწყებები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, კერძოდ, უწყებები ჩაბარდათ მათი ოჯახის წევრებს 2010 წლის 29 აპრილს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 18, 19), მაგრამ არც თავად აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ბ. ბ-შვილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 2 ივნისს, 15-00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. თ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის, იგი მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხვა საქმის განხილვაში და ფიზიკურად ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, რის გამოც მოითხოვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად და, შესაბამისად, იგი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ვალდებული იყო სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ (სსკ-ის 241-ე მუხლი), მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნის თაობაზე მას ეცნობა ჯერ კიდევ 2010 წლის 29 აპრილს, ანუ სხდომამდე ერთი თვით ადრე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს იგი მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვაში.

ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ძის წარმომადგენლის _ ბ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.