Facebook Twitter

¹ას-698-657-2011 20 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ც-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ც-შვილი

დაინტერესებული პირი _ თ. ც-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ა. ც-შვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, კერძოდ, იმ ფაქტის დადგენა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მითითებული სააღრიცხვო ბარათი ¹033062, აღრიცხული 1988 წელს, სადაც ა-ის ქ.¹10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ მითითებულია ა. ც-შვილი, ეკუთვნის 2001 წლის 28 მაისს გარდაცვლილ ა. ც-შვილს (ტომი I, ს.ფ. 1-3).

2010 წლის 16 ნოემბერს იმავე სასამართლოში განცხადება წარადგინეს თ. ც-შვილმა და ლ. ც-შვილმა, რომლებმაც ითხოვეს განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ მათი დაინტერესებულ პირებად ჩართვა (ტომი I, ს.ფ. 31-32).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ც-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში, სააღრიცხვო ბარათი ¹033062, აღრიცხული 1988 წელს, სადაც მითითებულია მესაკუთრე _ ც-შვილი ა., ეკუთვნის 2001 წლის 28 მაისს გარდაცვლილ ა. ც-შვილს (ტომი I, ს.ფ. 74-77).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-შვილმა (ტომი I, ს.ფ. 86-94).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით ლ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ლ. ც-შვილმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად კი წარიმართება მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი.

გარდა ზემოთქმულისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მისი გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საფუძვლიან ეჭვს შეუქმნიდა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა მხარის გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო გარემოება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებათა ნუსხას, აღნიშნული გარემოების წარდგენისა და დადასტურების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 233-ე მუხლი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ტომი II, ს.ფ. 38-41).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ც-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი ავადმყოფობით, რის დამადასტურებელ მტკიცებულებასაც დამატებით წარმოადგენს. მართალია, აპელანტი სხდომაზე ვერ გამოცხადდა, მაგრამ სასამართლოს შეატყობინა გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხდომა ერთი დღით გადადებულიყო (ტომი II, ს.ფ. 54).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

გასაჩივრებული განჩინებით ლ. ც-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტ ლ. ც-შვილს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომამდე გარკვეული ხნით ადრე მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდნენ, რა დროსაც მას აცნობეს რომ აპელანტი ლ. ც-შვილი იყო ავად და ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული საპროცესო ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოსათვის დაედასტურებინა საჩივარში მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის სხდომაზე იგი ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. ასეთი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ც-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.