Facebook Twitter

ას-703-658-2010 5 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ს. კ. ...”

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ი-შვლის სარჩელი მოპასუხე შპს “ს. კ. ...” მიმართ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის, სახელფასო დავალიანებისა და წლიური შედეგების მიხედვით პრემიისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ს. კ. ...” ე. ი-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 31808 ლარის ოდენობით, მასვე, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2008 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის გადახდა 4837 ლარის ოდენობით. ე. ი-შვილის სარჩელი ერთი წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის, წლიური შედეგების მიხედვით პრემიის, ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს “ს. კ. ...” შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

შპს “ს. კ. ...” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ე. ი-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების და შპს “ს. კ. ...” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით შპს “ს. ...” სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა 4470,64 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს “ს. კ. ...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. კ. ...” წარმომადგენელმა გ. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ შპს “ს. კ. ...” მიერ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იქნა გადახდილი და მიწოდებული სასამართლოსათვის. ამასთან, თუნდაც დადგენილ ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი არ მიეწოდებინათ სასამართლოსათვის, სასამართლოს ხარვეზი მაინც შევსებულად უნდა ჩაეთვალა, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი დროულად, სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში იქნა გადახდილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ს. კ. ...” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით შპს “ს. კ. ...” სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა 4470,64 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტომი 3, ს.ფ. 5-7). საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი შპს “ს. კ. ...” გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 06 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბართზე ორგანიზაციის თანამშრომლის ხელმოწერით და ორგანიზაციის შტამპით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 9). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 7 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 17 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შპს “ს. კ. ...” ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იქნა გადახდილი და მიწოდებული სასამართლოსათვის და, თუნდაც სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი არ მიეწოდებინათ სასამართლოსათვის, სასამართლოს ხარვეზი მაინც შევსებულად უნდა ჩაეთვალა, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი დროულად, სასამართლოს მიერ დანიშნულ 10-დღიან ვადაში იქნა გადახდილი.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს ხაზგასმით დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ამავე სასამართლოში წარდგენა. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი. აქედან გამომდინარე, მართალია, კერძო საჩივარზე დართული ქვითრით დასტურდება აპელანტის მიერ 4470,64 ლარის გადახდის ფაქტი 2010 წლის 13 მაისს, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აპელანტს მითითებული ქვითარი დროულად არ წარუდგენია სასამართლოსათვის, რაც ასევე დავალებული ჰქონდა მას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს “ს. ...” სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან შპს “ს. კ. ...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამიტომ მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4470,64 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს. კ. ...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინება.

3. შპს “ს. კ. ...” დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4470,64 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.