Facebook Twitter

ას-705-660-2010 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ., ე. და ჟ. ა-ძეები (წარმომადგენელი ა. ქ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. უ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გ. უ-შვილის სარჩელი მოპასუხეების ლ., ე. და ჟ. ა-ძეების მიმართ, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ბინის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; გ. უ-შვილს მოპასუხეთა სასარგებლოდ გადახდა 7875 აშშ დოლარი და აღნიშნულის სანაცვლოდ, იგი ცნობილ იქნა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ქუჩა ¹2/4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებული 360,42 კვ.მ მოცულობის მქონე ფართის ნაწილის _ 53 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით ლ., ე. და ჟ. ა-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მას კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. კერძოდ, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერა ეკუთვნის არა თავად ა. ქ-ძეს, არამედ მის მეგობარს _ თ. გ-ძეს, რომელიც სასამართლო კურიერის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი და მისი სახელით მოაწერა ხელი გზავნილს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მიმართა ექსეპრტიზის ბიუროს, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შესაბამისი განცხადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენელ ა. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენელს _ ა. ქ-ძეს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 14 მაისს (იხ. ს.ფ. 152). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 15 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 28 მაისს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 28 მაისი, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 31 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ (იხ. ს.ფ. 153-163).

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერა ეკუთვნის არა მას, არამედ მის მეგობარს _ თ. გ-ძეს, რომელიც სასამართლო კურიერის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი და მისი სახელით მოაწერა ხელი გზავნილს.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უთითებს, რომ მან კალიგარაფიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილება ჩაიბარა და მისი სახელით საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე ხელი მოაწერა მისმა მეგობარმა თ. გ-ძემ, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება დასაბარებელ პირს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენელ ა. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ., ე. და ჟ. ა-ძეების წარმომადგენლის - ა. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.