ას-705-664-2011 23 ივნისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. გ-ვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. გ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-იას მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესა და მოპასუხე მ. ფ-იას არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ შვილები. ფ. გ-ვა არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელსაც, როგორც სარჩელში არის აღნიშნული, სახელმწიფომ ბინა გადასცა უსასყიდლოდ. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა მ. ფ-იას მის მიერ უკანონო მფლობელობაში არსებული ბინიდან გამოსახლება და არასრულწლოვანი შვილების, თ. და გ. ფ-იების სასარგებლოდ თვეში თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება სრულწლოვანებამდე.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია რაიმე შემოსავალი, არის უმუშევარი და იმყოფება ნათესავების კმაყოფაზე, აქედან გამომდინარე, არ აქვს საშუალება ფ. გ-ვას მიერ მოთხოვნილი რაოდენობა სრულად გადაიხადოს და თანახმაა, თითოეულ ბავშვზე ალიმენტის 30 ლარის გადახდისა. ასევე აღნიშნა, რომ სადავო ბინიდან მის გამოსახლებას არ ეთანხმება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, დღემდე ერთად ცხოვრობენ, ერთად შეიძინეს ყველაფერი და სადავო ბინის სამ ოთახს დაოჯახებამდეც ფლობდა, რომელსაც ჩაუტარა რემონტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ფ-იას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 2010 წლის 28 ოქტომბრიდან დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 80 ლარის ოდენობით სრულწლოვანების მიღწევამდე. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, მ. ფ-იას უკანონო მფლობელობაში არსებული ბინიდან გამოსახლების თაობაზე, უკან გაიხმო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ფ-იას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს დაევალა, 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის, 25 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2011 წლის 29 მარტს აღნიშნული განჩინება მ. ფ-იას პირადად მის მიერვე მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა გამოსწორებინა 2011 წლის 5 აპრილის ჩათვლით. აპელანტმა 2011 წლის 6 აპრილს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ხარვეზის დაგვიანებით შევსება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მ. ფ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს 2011 წლის 25 მარტის განჩინებით დაუდგინდათ ხარვეზი და მის გამოსასწორებლად 7 დღე მიეცათ. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის გათვალისწინებული წესით აპელანტ მ. ფ-იას ჩაჰბარდა 2011 წლის 29 მარტს (ტ.II ს.ფ.4). განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებია 2011 წლის 5 აპრილის ჩათვლით, აპელანტმა 2011 წლის 6 აპრილს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა 25 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მან 2011 წლის 6 აპრილამდე მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგენა. საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რაიმე შუამდგომლობა არ აღუძრავს, ასევე ვერ უთითებს ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ფ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ფ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.