ას-70-67-10 6 მაისი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ. წ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მარტვილის რაიონულ სასამართლოს მიმართა დ. წ-ძემ გ. კ-ავას, ზ. წ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების, საკუთრების უფლების აღიარებისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.
მარტვილის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა გ. კ-ავამ დ. წ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა, რომლითაც კომლის უძრავ-მოძრავი ქონება თ. ს-ავას მიერ დატოვებულ იქნა დ. გ.-ს ძე წ-ძისათვის.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. წ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში აწ გარდაცვლილ თ. ს-ავას საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.მარტვილში, ... ქ.¹15-ში 5\6-ზე შემდგომში მესაკუთრედ გ. კ-ავასა და თანამესაკუთრედ ზ. წ-ძის რეგისტრაცია (სარეგისტრაციო ნომრები: 00796\06; 00942\06); აღიარებულ იქნა დ. წ-ძის საკუთრების უფლება მისი დედის – აწ გარდაცვლილ თ.ს-ავას სახელზე რეგისტრირებული ქონების 5\6-ზე და შეტანილ იქნა ცვლილება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ ჩანაწერში; გ. კ-ავას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი შეიტანა გ. კ-ავამ.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით გ. კ-ავას საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ავამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე 2009 წლის 24 დეკემბერს, 14.00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რაზედაც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით.
სხდომა გადაიდო 2009 წლის 28 დეკემბერს - 14.00 საათზე, რის თაობაზედაც ეცნობათ მხარეებს ტელეფონის მეშვეობით კანონით დადგენილი წესით.
2009 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი – გ. კ-ავა.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა უარი განაცხადეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და საქმის განხილვის გადადებაზე და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დ. წ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე 2009 წლის 24 დეკემბერს, 14.00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რაზედაც მხარეები გაფრთხილებული იქნენ კანონით დადგენილი წესით. სხდომა გადაიდო 2009 წლის 28 დეკემბერს 14.00 საათზე, რის თაობაზედაც ეცნობათ მხარეებს ტელეფონის მეშვეობით კანონით დადგენილი წესით. 2009 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი – გ. კ-ავა.
პროცესის დაწყებამდე თანაშემწე სააპელაციო სასამართლოს ტელეფონით დაუკავშირდა გ. კ-ავას გამოუცხადებლობის მიზეზის გასარკვევად, რაზედაც გ. კ-ავამ განაცხადა, რომ იცის დღევანდელი პროცესის თაობაზე, მაგრამ არის მძიმე მდგომარეობაში, ძალიან გაჭირვებული და არ ჰქონდა ქუთაისში ჩამოსასვლელად საჭირო ფული.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის განმარტება სატელეფონო საუბრისას არ შეიცავს მითითებას იმ კონკრეტულ და დასაბუთებულ გარემოებაზე, რომ რა მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო 2009 წლის 28 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, პალატა თვლის, რომ გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და, შესაბამისად, სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ-ავამ. მან მიუთითა, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას - 30 ლარს. პროცესზე ვერ გამოცხადდა უსახსრობის გამო. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალსიწინებინა მისი ფინანსური მდგომარეობა და გადაედო საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. კ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მესამე ნაწილის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე და მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც დადასტურებული უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტ გ. კ-ავას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 24 დეკემბერს, 14.00 საათზე, რაზედაც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით. სხდომა გადაიდო 2009 წლის 28 დეკემბერს, 14.00 საათზე, რის თაობაზედაც ეცნობათ მხარეებს ტელეფონით კანონით დადგენილი წესით. 2009 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი – გ. კ-ავა.
დადგენილია, რომ პროცესის დაწყებამდე თანაშემწე სააპელაციო სასამართლოს ტელეფონით დაუკავშირდა გ. კ-ავას გამოუცხადებლობის მიზეზის გასარკვევად, რაზედაც გ. კ-ავამ განაცხადა, რომ იცის დღევანდელი პროცესის თაობაზე, მაგრამ არის მძიმე მდგომარეობაში, ძალიან გაჭირვებული და არ ჰქონდა ქუთაისში ჩამოსასვლელად საჭირო ფული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა მითითებული და დადასტურებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა გ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.