Facebook Twitter

ას-710-665-2010 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოპასუხე შპს “...”-ის მიმართ და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის – 172895 ლარის და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით 213841 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “...”-ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 161587 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 30000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით შპს “...”-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 7000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით შპს “...”-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათ სასამართლოში წარადგინეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც იძლეოდა კანონიერ საფუძველს სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრებისათვის, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა არარეალური იყო. გარდა ამისა, საწარმოს ქონება დაყადაღებულია და ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “...”-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით შპს “...”-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 7000 ლარის ოდენობით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 3-5). საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი შპს “...”-ის გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 15 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბართზე ორგანიზაციის თანამშრომლის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 12). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შპს “...”-მა ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მათ სასამართლოში წარადგინეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც იძლეოდა კანონიერ საფუძველს სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარეზე დაკისრებისათვის, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა არარეალური იყო. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ უკავშირდება სარჩელის საფუძვლიანობას.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს ქონება დაყადაღებულია და ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოდგენილია საქმეში.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან მის მიერ მითითებული მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა აღძრული არ ჰქონია და იგი ვერც ამჟამად ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს “...”-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...”-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.