Facebook Twitter

საქმე # 030100117002179009

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №38აპ-19 ქ. თბილისი

ი–ი ნ., 38აპ-19 21 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი ალექსანდრე კოდუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ნ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ი–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის ივლისის დასაწყისში ნ. ი–მა, რომელიც სარგებლობდა თ.ჩ–ს ნდობით, განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა თ.ჩ–ს კუთვნილ თანხას და ამ მიზნით, ნ. ი–მა თ.ჩ–ს 2016 წლის ივლისის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია) სს „........ ბანკში“ გააფორმებინა სესხი - 700 ლარის ოდენობით, 2016 წლის 19 აგვისტოს შპს „.....ში“ გააფორმებინა სესხი - 1500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 26 აგვისტოს შპს „.......-ში" გააფორმებინა სესხი - 400 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში შპს „.......ში“ გააფორმებინა სესხი - 650 ლარის ოდენობით. ნ. ი–მა ზემოაღნიშნული თანხები ნდობის გამოყენებით მიიღო თ.ჩ–სგან მათი გამოტანის დღესვე, წინასწარი განზრახვით არ დააბრუნა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ, რითაც თ.ჩ–ს მიაყენა ჯამურად 3250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:

ნ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ჩ–ს კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების ამ ნაწილში გამართლებულ ნ. ი–ს განემარტა, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 აგვისტოს დაზარებულ თ.ჩ–ს კუთვნილი 750 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

გაუქმდა ნ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 2000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ.ჩ–ს კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - ნ. ი–ს მიმართ 750 ლარის თაღლითურად დაუფლების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი ნ. ი–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 აგვისტოს თ.ჩ–ს კუთვნილი 750 ლარის თაღლითური გზით მოტყუებით დაუფლების ნაწილში) გამტყუნების ნაწილში.

ნ. ი–ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ ნ. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ ნ. ი–ს ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა საკმარისობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. ვინაიდან კასატორის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას და იმავდროულად არ არსებობს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძველიც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე