Facebook Twitter

ას-721-676-2010 20 სექტემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. და ქ. კ-ძეები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ საბანკო დავალიანების დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “... ბანკმა” მოპასუხეების _ გ. და ქ. კ-ძეების მიმართ საბანკო დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, 2007 წლის 30 მარტს სს “... ბანკსა” და ქ. კ-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო კრედიტი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 17.7% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2007 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა გ. კ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2007 წლის 30 მარტს საბანკო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა გ. კ-ძესთან. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება (ტომი 1, ს.ფ. 4-12).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 14 094 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2010 წლის 22 მარტს, 12.00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის, რის გამოც სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი (ტომი 1, ს.ფ. 96-98).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ქ. კ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტები მიუთითებდნენ, რომ სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო გარემოებით, კერძოდ, ქ. კ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით. აპელანტების მითითებით, შინგანი სტრესის გამო მათ სასამართლოს ვერ შეატყობინეს პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ. სააპელაციო საჩივრით აპელანტები შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო (ტომი 1, ს.ფ. 102-112).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. და ქ. კ-ძეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 563 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ტომი 2, ს.ფ. 4-6).

2010 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და ითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გონივრული ვადით გაგრძელება (ტომი 2, ს.ფ. 9).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით გ. და ქ. კ-ძეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით (ტომი 2, ს.ფ. 10-12).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით გ. და ქ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ ორჯერ მათ მიერ მითითებულ მისამართზე კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა გზავნილები სასამართლოში დაბრუნდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი იწვა ონკოლოგიურ საავადმყოფოში.

სააპელაციო სამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უწყება (გზავნილი) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება (გზავნილი) გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობდეს. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. რამდენადაც აპელანტებს მათ მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე, ორჯერ გაეგზავნათ და არ ჩაბარდათ სასამართლოს გზავნილი, იგი ჩაბარებულად მიიჩნეოდა (ტომი 2, ს.ფ. 17-19).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და ქ. კ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი მისამართი _ ახალციხე, ... ქ. ¹12, წარმოადგენს მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ მისამართზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 19.05.2010წ. განჩინება არ გაუგზავნია. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაჰბარდებოდა მათი ოჯახის წევრს (ტომი 2, ს.ფ. 24-25).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და ქ. კ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გ. და ქ. კ-ძეების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. თავის მხრივ, 73-ე მუხლის 11 ნაწილი ადგენს, რომ, თუ, პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება. რაც შეეხება 76-ე მუხლის შინაარსს, მის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ადრესატისათვის შესაბამის მისამართზე კორესპონდენციის ჩაუბარებლობა სარწმუნოდაა დადასტურებული საქმეში არსებული სრულყოფილი დოკუმენტაციით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სადავო შემთხვევაში მხარეებისათვის მათ მიერ მითითებულ მისამართზე განჩინების ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების ბარათის შინაარსი არ იძლევა საკმარის საფუძველს გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის. მოცემულ შემთხვევაში გზავნილის ადრესატი იყო ორი პირი _ გ. და ქ. კ-ძეები, ხოლო შეტყობინების ბარათი ზოგადად საუბრობს ერთი პირისათვის ჩაუბარებლობაზე და არ უთითებს, თუ რომელია ეს პირი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი (სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინება) აპელანტებისათვის ჩაბარებულად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ. და ქ. კ-ძეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და ქ. კ-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს გ. და ქ. კ-ძეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.