Facebook Twitter

¹ას-722-780-2011 16 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ს-ო» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ს-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ოს» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა შპს «ს-ომ».

ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს «ს-ოს» საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა 10 დღეში მისი გამოსწორება, შემდეგ კი აღნიშნული ვადა დამატებით 7 დღით გაუგრძელდა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 1117 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი 2011 წლის 30 მარტს ჩაბარდა შპს «ს-ოს» ოფის მენეჯერ ეთერ ბაღათურიას, რაც სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მხარისათვისაც ჩაბარებულად ჩათვალა. ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2011 წლის 31 მარტიდან და იგი ამოწურულად მიიჩნია 2011 წლის 6 აპრილს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ს-ომ» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად. მხარემ მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა გეგრძელებინა მისთვის ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით თავისი კანონიერი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად მიეცა ჯერ 10 დღე, ხოლო შემდგომ აპელანტის თხოვნით აღნიშნული ვადა გაუგრძელდა დამატებით 7 დღით. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი სპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ სასამართლოს განჩინება ხარვეზის განსაზღვრის შესახებ 2011 წლის 30 მარტს ჩაბარდა შპს «ს-ოს» ოფის მენეჯერ ეთერ ბაღათურიას, რაც სასამართლო გზავნილის თავად შპს «ს-ოსათვის» ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილი). სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად აითვალა ხარვეზის შესავსებად მხარისათვის მიცემული 7-დღიანი ვადა 2011 წლის 31 მარტიდან და ჩათვალა, რომ იგი 6 აპრილს ამოიწურა.

აღნიშნულის მიუხედავად, შპს «ს-ოს» პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა მისი კანონიერი უფლება, სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის გზით განეხორციელებინა თავისი უფლებები. შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა თავად აპელანტის მიერ ხარვეზის არასაპატიო მიზეზით გამოუსწორებლობის გამო. ამდენად, სასამართლოს მხარის კანონიერი უფლებები არ დაურღვევია.

რაც შეეხება შპს «ს-ოს» მითითებას სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2011 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე აღნიშნული მოთხოვნით მხარეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მანამდე კი, მას სადავო ვადა 7 დღით უკვე გაუგრძელდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.