1236-811(კ-05) 28 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ლ-მა თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასისა და დანამატების ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის 14.09.01წ., ¹2548 ბრძანებით დაინიშნა მე-...... მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში საშტატო და მომსახურების ბატარეის სამხედრო პუნქტის უფროსად, თავდაცვის მინისტრის 25.08.03წ. ¹3638 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა მე-........ მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში ექიმის თანამდებობაზე. თავდაცვის მინისტრის 29.09.04წ. ¹1/782 ბრძანების საფუძველზე 2004წ. 4 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე მივლინებულ იქნა დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში ინგლისური ენის შესასწავლად. თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანების საფუძველზე რეორგანიზაცია-შტატების შემცირების საფუძვლით დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონის უხეში დარღვევით, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდებოდა მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი). მოსარჩელემ მიუთითა, რომსამსახურიდან რეორგანიზაცია-შტატების შემცირების საფუძვლით გაანთავისუფლეს, რეორგანიზაცია და შტატების შემცირება მის სამსახურში არ განხორციელებულა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს წერილის თანახმად, მე-....... მექანიზირებულ ბრიგადაში შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია და ექიმის თანამდებობაც ვაკანტურია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანება გ. ლ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და იგი აღდგენილ იქნა მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისრა იძულებით გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ხელფასის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნა, ამასთანავე ყოფილ მე-...... მექანიზირებულ ბრიგადაში ექიმის საშტატო თანამდებობა არ შემცირებულა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანება; გ. ლ-ი აღდგენილ იქნა კადრების განკარგულებაში; თანამდებობაზე აღდგენის, ხელფასის ანაზღაურების და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გ. ლ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო. კადრების განკარგულებაში მყოფი გ. ლ-ი თავდაცვის მინისტრის 29.09.04წ ¹1/782 ბრძანებით 2004წ. 29 ნოემბრამდე სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა, პირადი შემადგენლობის სიიდან ამოღებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და გ. ლ-ი აღდგენილ უნდა იქნეს კადრების განკარგულებაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ლ-ი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის 19.07.04წ. ¹177 ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2004წ. 25 ივლისიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ლ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ თავისი ქმედებები მიღებული ბრძანებების საფუძველზე განახორციელა და, თუ რომელიმე ეტაპზე მხარისათვის ისინი მიუღებელი იყო, უნდა გაესაჩივრებინა ისინი კანონით დადგენილ ვადაში. სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე გ. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თანამდებობაზე აღდგენაზე, აგრეთვე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ლ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის სპეციფიკა. თავდაცვის მინისტრის 14.09.01წ. ¹2548 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა საქართევლოს სამხედრო ძალების საარტილერიო ბატალიონში ექიმის თანამდებობაზე. აღნიშნული საარტილერიო დივიზიონი (სამხედრო ნაწილი ¹.......) სხვა ოთხ სამხედრო ნაწილთან ერთად, ქმნიდა მე-...... ბრიგადას. 2004წ. ივლისის თვეში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით რეორგანიზაცია-შტატების შემცირების გამო მე-...... ბრიგადის ყველა მოსამსახურე სამხედრო სამსახურის დებულების შესაბამისად გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, რომელშიც ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. რეორგანიზაციის შედეგად მე-....... ბრიგადის საფუძველზე ჩამოყალიბდა 1 ბრიგადა. დღესაც არსებობს საარტილერიო დივიზიონი, სადაც ექიმის თანამდებობა არ შემცირებულა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის II ნაწილი, რომლის თანახმად, მხოლოდ რეორგანიზაცია მუშაკის განთავისუფლების საფუძველს არ ქმნის. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი პირი აღდგენილი უნდა იქნეს იმ ნაწილში, სადაც გადიოდა სამსახურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდური ხელფასის და დანამატების ანაზღაურებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
თავდაცვის მინისტრის 24.07.04წ. ¹1/535 პ/შ ბრძანების საფუძველზე უფროსი ლეიტენანტი გ. ლ-ი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2004წ. 25 ივლისიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. კასატორის მიერ აღნიშნული ბრძანება, მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში, არ გასაჩივრებულა. თავდაცვის მინისტრის 29.09.04წ. ¹1/782 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი გ. ლ-ი მივლინებულ იქნა სასწავლებლად დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების ორთვიან კურსებზე 2004წ. 4 ოქტომბრიდან 2004წ. 29 ნოემბრამდე. თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანებით დადგენილია, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი გ. ლ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, ამოღებულ იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან და ჩაირიცხა რეზერვში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად. თავდაცვის მინისტრის 29.12.04წ. ¹399 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 05.07.05წ. ¹1/1-2586 წერილით დასტურდება, რომ მე-...... მექანიზირებულმა ბრიგადამ განიცადა სრული რეორგანიზაცია, მე-....... ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ბაზაზე ჩამოყალიბდა 1-ლი ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი, რომელშიც ექიმის საშტატო ვაკანსია არ არსებობს. თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრძანება სააპელაციო პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და გ. ლ-ი აღდგენილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხსენებული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა.
დაუსაბუთებეელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კადრების განკარგულებაში მუშაკის ოთხ თვეზე მეტი ვადით გადაყვანის დაუშვებლობა მისი სამსახურში აღდგენის საფუძველია. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების მეცხრე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. ხსენებულ ნორმაში საუბარია რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერზე, რაც გამორიცხავს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის ვალდებულებას. ამდენად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის თანამდებობაზე სავალდებულოდ დანიშვნის წესს არ ადგენს არც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის სამსახურში მიღება დაწესებულების ადმინისტრაციის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებათა წრეს განეკუთვნება.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას იგი სამსახურში «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე უნდა აღედგინა. მითითებული ნორმის თანახმად, სამსახურში აღდგენას ექვემდებარება სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი პირი. განსახილველ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის 24.07.04წ. ¹1/535 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გ. ლ-ი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2004წ. 25 ივლისიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, კასატორს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იქონიოს მსჯელობა აღნიშნული ბრძანების კანონიერებაზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მის შესაბამისობაზე. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ჩატარება სავალდებულო წესით მოითხოვდა კადრების შემადგენლობაში ჩარიცხვას, მოკლებულია რაიმე საკანონმდებლო საფუძველს, ამდენად თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გაუქმებით, რომლითაც კასატორი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/810 ბრზანებას, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი გ. ლ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, ამოღებულ იქნა პირადი შემადგენლობის სიებიდან და ჩაირიცხა რეზერვში, ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობა შედეგად არ იწვევს თანამდებობაზე აღდენას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ პირის სამსახურში აღდგენის საფუძველს მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გამოცემული აქტის უკანონოდ ცნობა წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე გ. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა გამოცემული და არ არსებობს მისიგაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.