Facebook Twitter

ას-735-688-2010 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ ა. ჯ-იას სარჩელი მოპასუხე შპს “...” 5288 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით ა. ჯ-იას, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 211,55 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჯ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც წარადგინა სენაკის რაიონულ სასამართლოში, სადაც შეიტყო, რომ ქვითარი უნდა წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ უსახსრობის გამო დროულად ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოსათვის გადახდილი ბაჟის ქვითრის მიწოდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ჯ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტ ა. ჯ-იას ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის – 211,55 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა 5 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ს.ფ. 121-122). დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ა. ჯ-იას გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2010 წლის 2 ივნისს (იხ. ს.ფ. 125). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 3 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ა. ჯ-იამ ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა, თუმცა, ვინაიდან არ იცოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელ სასამართლოში უნდა წარედგინა, მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც შეიტყო, რომ ქვითარი უნდა წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ უსახსრობის გამო დროულად ვეღარ შეძლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სააპელაციო სასამართლოსათვის მიწოდება, ამიტომ მას ხარვეზი შევსებულად უნდა ჩაეთვალოს.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ხარვეზის შევსებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილ ვადაში არ ყოფილა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში, რაც ასევე დავალებული ჰქონდა აპელანტს. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, შეცდომით სენაკის რაიონულ სასამართლოში წარადგინა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სენაკის რაიონულ სასამართლოში 2010 წლის 7 ივნისს შეიტყო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა. მიუხედავად ამისა, ა. ჯ-იამ 2010 წლის 15 ივლისამდე, ანუ თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ბაჟის ქვითარი სააპელაციო სასამართლოში არ წარადგინა და იგი მხოლოდ ამავე რიცხვში შეტანილ კერძო საჩივარს დაურთო თან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ა. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ა. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამიტომ მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 211,55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება.

3. ა. ჯ-იას დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 211,55 ლარი.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.