ას-736-689-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ., ნ. და ლ. ფ-შვილები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ., ნ. და ლ. ფ-შვილებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვეს ვ. ფ-შვილის ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე გ. ფ-შვილის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ, ხოლო დარჩენილი½1/2-ის, როგორც სავალდებულო წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ნ. და ლ. ფ-შვილებისათვის გ. ფ-შვილის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ასევე მოითხოვეს გ. ფ-შვილის მიერ მ. ფ-შვილის სახელზე გაცემული ანდერძის ბათილობა შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 1 მარტს გარდაიცვალა მამკვიდრებელი გ. ფ-შვილი, რომლის სამკვიდრო შეადგენს ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე უძრავ ნივთს. აღნიშნული ქონება მან უანდერძა ერთ-ერთ შვილს _ მ. ფ-შვილს, რა დროსაც არ გაუთვალისწინებია, რომ სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრე მამკვიდრებელთან ერთად იყო მისი მეუღლე ვ. ფ-შვილი. მოსარჩელეებმა საპატიო მიზეზით დაარღვიეს სამკვიდროს მიღების ვადა და, ამავდროულად, ფაქტობრივი ფლობით მიიღეს იგი.
მ. ფ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სამკვიდრო ქონება ანდერძით დაუტოვა მამამ _ გ. ფ-შვილმა, ანდერძი დაიწერა ნებაყოფლობით და მამკვიდრებელის უკანასკნელ სურვილს შეესაბამება. სადავო ბინა მამამისმა მიიღო მემკვიდრეობით მამისგან და ამიტომ მისი ინდივიდუალური საკუთრებაა. დედა ვ. ფ-შვილი არ არის სადავო ბინის თანამესაკუთრე, ამასთან, ვ., ნ. და ლ. ფ-შვილებმა სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების ვადა არასაპატიოდ გაუშვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ვ. და ნ. ფ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ფ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვ. ფ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე გ. ფ-შვილის სამკვიდრო ქონების სავალდებულო 1/8 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ნ. ფ-შვილის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ჩაითვალა საპატიოდ და იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მდებარე გ. ფ-შვილის სამკვიდრო ქონების სავალდებულო 1/16 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ვ. ფ-შვილს უარი ეთქვა გ. ფ-შვილის სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობაზე, ვ. და ნ. ფ-შვილებს ასევე უარი ეთქვათ გ. ფ-შვილის მიერ მ. ფ-შვილისათვის დატოვებული ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მ. ფ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ასლი მ. ფ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 20 აპრილს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ფ-შვილს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 4 მაისის ჩათვლით, კერძოდ, მისთვის გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის მომდევნო დღიდან _ 2010 წლის 21 აპრილიდან და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2010 წლის 4 მაისს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ფ-შვილმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 5 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ფ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ფაქტობრივად აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2010 წლის 22 აპრილს და სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში _ 2010 წლის 5 მაისს. ამდენად, მას მითითებული ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე მ. ფ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 20 აპრილს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საფოსტო კურიერის მინაწერის შესაბამისად, ამავე დღეს მ.ფ-შვილმა უარი განაცხადა სასამართლო გზავნილების ვ. და ლ. ფ-შვილებისათვის გადასაცემად ჩაბარებაზე.
მ. ფ-შვილმა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 5 მაისს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ განსახილველ შეთხვევაში სავსებით სწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და მ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება ფაქტობრივად 2010 წლის 22 აპრილს ჩაიბარა, აღნიშნული არგუმენტი მხარეს რაიმე სახის მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მ. ფ-შვილმა ვერ განახორციელა მის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად დასახელებული გარემოების _ სადავო სასამართლო გზავნილის 2010 წლის 22 აპრილს მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთი, რის გამოც მისი მოსაზრება დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.