ას-738-691-2010 20 სექტემბერი, 2010წ
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ო. კ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ხ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 12 სექტემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. ხ-შვილმა მოპასუხე ო. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ო. კ-ძის მიერ თვითნებურად მითვისებული საერთო სარგებლობის ეზოს კაპიტალური კედლების, ყოველგვარი მიშენებების დანგრევა, აგრეთვე ეზოსა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი სარდაფის გამოთხოვა.
სარჩელის თანახმად, დაბა წყნეთში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹36 ორსართულიანი კოტეჯის მეორე სართულის 87,07 კვ.მ-ის მესაკუთრეს წარმოადგენს ო. ხ-შვილი, ხოლო ამავე კოტეჯის პირველ სართულს ფლობს ო. კ-ძე. კოტეჯი განთავსებულია 835 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც მხარეთა თანასაკუთრებაშია. მხარეებს მასზე საკუთრების უფლება არ გააჩნიათ და წარმოადგენენ ამ მიწის ნაკვეთის თანამოსარგებლეებს. 2000 წელს ო. კ-ძის მიერ სახლთმფლობელობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამ მოსარჩელის უფლებები მნიშვნელოვნად დაარღვია, რაც ამ დრომდე გრძელდება. კოტეჯში არსებული საერთო სარგებლობის სარდაფი მოპასუხემ თვითნებურად მიიერთა და დაისაკუთრა, საერთო სარგებლობის ეზო კი დაახლოებით 2.50 სმ სიმაღლის ქვის ღობით გაყო. ამასთან, გადააადგილა საყრდენი კედლები, ამოაშენა ბეტონის კაპიტალური კედელი, რომლის სიმაღლე ადის მოსარჩელის აივნამდე, აივანი გადააკეთა ოთახად, უპროექტოდ მიაშენა ეზოში ჩასასვლელი კიბეები, პირველ სართულს მიაშენა ღია აივანი. სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა არამარტო მოპასუხის ბინა, არამედ მხარეთა საერთო სარგებლობაში არსებული სარდაფიც მოიცვა. სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე ჩატარდა. აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებისას, ჯერ კიდევ 2000 წელს, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს განცხადებებით მიმართავდა ო. ხ-შვილის მეუღლე _ ს. ხ-შვილი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა იმ დროისათვის სახლთმფლობელობის შესაბამისი წილი, თუმცა ამ მიმართვებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მოპასუხის მიერ განხორციელებულმა არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია ეზოში ო. ხ-შვილის წილის შემცირება (ტომი 1, ს.ფ. 2-10).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 158-162).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. კ-ძეს დაევალა დაბა წყნეთში, ... ქ. ¹24-ში მდებარე ¹36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა (ტომი 1, ს.ფ. 341-346).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ო. კ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი 1, ს.ფ. 519-524).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ო. ხ-შვილის განცხადების განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ დადგინდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შემდეგნაირად:
ა. ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;
ბ. ტერასის დანგრევა 100 კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;
გ. ო. კ-ძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;
დ. ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;
ე. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება.
(ტომი 2, ს.ფ. 120-125).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით (ტომი 2, ს.ფ. 198-207).
2009 წლის 4 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. დ-შვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 10 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის “გ”, “დ” და “ე” პუნქტების განმარტება, კერძოდ, იმის გარკვევა, თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ო. კ-ძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება, რა სახის მოქმედება უნდა შესრულებულიყო ეზოს კეთილმოწყობის მოსაშლელად, აგრეთვე, რა დონემდე და რითი უნდა მომხდარიყო სარდაფის ამოვსება (ტომი 3, ს.ფ. 2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. დ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი და შესაბამისად არ არსებობდა მისი განმარტების კანონით გათვალისწინებული საფუძველი (ტომი 3, ს.ფ. 40-45).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი 3, ს.ფ. 58-59).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ო. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს (ტომი 3, ს.ფ. 88-95).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. დ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების “დ” და “ე” ქვეპუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება გამოიხატება შემდეგ მოქმედებებში:
კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში აღებულ უნდა იქნეს მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100 კვ.მ-ზე;
სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი იყოს მისი სარდაფის სახით გამოყენება).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატება შემდეგ მოქმედებებში:
ა. ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;
ბ. ტერასის დანგრევა 100კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;
გ. ო. კ-ძის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;
დ. ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;
ე. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტები უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება უნდა გამოხატულიყო შემდეგ მოქმედებებში:
საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეზოს კეთილმოწყობა გამოიხატება შემდეგში: რელიეფიდან გამომდინარე ეზოში მოწყობილია ტერასა, რომელიც მოპირკეთებულია მონოლითური მოზაიკით და ბაზალტის კიბით დაახლოებით 100კვ.მ-ზე. შესაბამისად, კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში აღებული უნდა ყოფილიყო მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100კვმ-ზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების მიხედვით არ დგინდებოდა, თუ რას შეადგენდა პირვანდელი მდგომარეობით სარდაფის დონის სიღრმე. ამას ადასტურებდა მხარე _ ო. ხ-შვილი სააპელაციო სასამართლოში მის მიერ 2010 წლის 14 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში, რომელშიც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ, თუ რა სიღრმეზე არსებობდა სარდაფი, შენობა-ნაგებობის დოკუმენტაციაში არ არის გათვალისწინებული; ძნელია იმის განმარტება, თუ რა დონემდე უნდა ამოივსოს იგი, შესაბამისად, ამ პუნქტის აღსრულებაში მოყვანა უნდა განხორციელდეს სასამართლო აღმასრულებლის შეხედულებისამებრ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელებულდეს იმგვარად, რომ შენარჩუნებული იქნეს მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი იყოს მისი სარდაფის სახით გამოყენება).
რაც შეეხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების “გ” ქვეპუნქტის განმარტებას, კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს ო. კ-ძის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკარის დატოვება, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული პუნქტის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი, იგი მკაფიო იყო და არ საჭიროებდა განმარტებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეთითებინა ამ შედეგამდე მიღწევის ტექნიკურ საშუალებებსა და ხერხებზე (ტომი 3, ს.ფ. 178-185).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინება განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით მოხდა არა გადაწყვეტილების, არამედ განჩინების განმარტება. აღნიშნული გარემოება თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას, თუკი არ გავითვალისწინებთ თუ რა განჩინების გასაჩივრებაზეა საუბარი. საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების გასაჩივრებაზე, რომლითაც განიმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება. ამრიგად, ადგილი აქვს განჩინების განმარტების შესახებ მიღებულ განჩინებაზე განმარტების შესახებ განჩინების კვლავ მიღებას, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არასწორია.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზანია აღმოიფხვრას ის ბუნდოვანება ან ორაზროვნება, რომლითაც შესაძლოა ხასიათდებოდეს აღსრულებას დაქვემდებარებული სასამართლოს რომელიმე დადგენილება, ანუ განმარტების საფუძველი არსებობს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება ან განჩინება (რომელიც უნდა აღსრულდეს) ხასიათდება რაიმე ბუნდოვანებით, რათა ამ ბუნდოვანებამ ხელი არ შეუშალოს ამავე აქტის აღსრულების პროცესს. რამდენადაც სასამართლომ განმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (რომელიც ექვემდებარებოდა აღსრულებას), შესაბამისად, მან ერთგვარი სიცხადე შეიტანა ამ გადაწყვეტილების შინაარსის გაგების საკითხში. შეუძლებელია იმის თქმა, რომ 2008 წლის 28 ივლისის განჩინება განმარტების შესახებ განმარტავს გადაწყვეტილებას და მასაც ესაჭიროება განმარტება.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თუკი არსებობდა განმარტების მატერიალური საფუძველი, ანუ, თუკი აღსასრულებელი გადაწყვეტილება ხასიათდებოდა ბუნდოვანებით (რაც არ არის სწორი), შესაძლებელი იყო საკუთრივ გადაწყვეტილების და არა ამ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების განმარტება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, განმარტებას (საჭიროების შემთხვევაში) უნდა დაქვემდებარებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არა 2008 წლის 28 ივლისის განჩინება (რომლის განმარტების თაობაზეც გამოიცა გასაჩივრებული განჩინება), არამედ ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ყველაზე მეტი ბუნდოვანებით ხასიათდება და რაიმე საკითხში სიცხადის შეტანის ნაცვლად ამ განჩინებამ გაცილებით მეტი შეკითხვა გააჩინა, ვიდრე მანამდე არსებობდა (ტომი 3, ს.ფ. 195-200).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ო. კ-ძის კერძო საჩივრის საფუძვლების განმოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების პირობებს, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის საჭიროება დგება და შესაბამისად, განმარტების შესახებ სასამართლოს საპროცესო ვალდებულება წარმოიშობა სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსობრივი ბუნდოვანების, უზუსტობის, ურთიერთსაწინააღმდეგობის, ურთიერთგამომრიცხაობის, მისი ნამდვილი აზრის გაურკვევლობის დროს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია გადაწყვეტილების განმარტება იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ განმარტების შედეგად არ მოხდეს გადაწყვეტილების აზრისა და შინაარსის შეცვლა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას მოცემულ შემთხვევაში განმარტების მართებულობის შესახებ. თუ რას გულისხმობს ეზოს კეთილმოწყობის მოშლა, რაში გამოიხატება და რა სახით უნდა მოიშალოს იგი, რას ნიშნავს სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება, მართლაც შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარკვეულ ბუნდოვანებას და განმარტება მოცემულ შემთხვევაში გამართლებულია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში განმარტება განხორციელდა არასწორად, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით ადგილი ჰქონდა არა სასამართლო გადაწყვეტილების, არამედ ამ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განჩინების განმარტებას. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების საჭიროებას უკავშირებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსობრივ ბუნდოვანებას. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს როგორც 2008 წლის 28 ივლისის განჩინება, ისე 2010 წლის 11 ივნისის განჩინება ემსახურება კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტებას, მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსობრივი ბუნდოვანების გამო. 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტებით მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა სწორედ 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს გადაწყვეტილების კვლავ განმარტების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების ერთხელ განმარტების შემდგომ, მისი აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე, კვლავ დგება განმარტების საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.