ას-744-697-2010 1 ოქტომბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ქ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გ. ლ-ძემ 2009 წლის 18 სექტემბერს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. მარნეულში, ... ქ. ¹5-ში მდებარე მ. ქ-ძის საცხოვრებელ სახლში არსებული 34 დასახელების მოძრავი ნივთის, რომელთა საერთო ღირებულება 6310 ლარს შეადგენდა, დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა, აგრეთვე, მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლსა და ეზოში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების შესაბამისი თანხის - 73 350,40 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირის – მ. ქ-ძის საცხოვრებელ სახლში არსებული 34 დასახელების მოძრავი ნივთი, რომელთა საერთო ღირებულება 6310 ლარს შეადგენდა, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა მას და სახელმწიფოს გადაეცა; აგრეთვე დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი მ. ქ-ძის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა – 73 350, 40 ლარი და მოპასუხეს დაეკისრა აღნიშნულის შესაბამისი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო 2389,80 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ქ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით, მ. ქ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 3186,40 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის 10 დღის ვადაში წარმოდგენა დაევალა.
2010 წლის 22 თებერვალს მ. ქ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის ერთ თვემდე გაგრძელება, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით მ. ქ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 14 დღით გაუგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინებით, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მ. ქ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მისი ქონებრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უკანონოდ არ გაათავისუფლა, რითაც უხეშად შეილახა მისი უფლებები. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმითა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მისი უფლებები დაარღვია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ამგვარად, ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მხარემ დაასაბუთოს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში მ. ქ-ძემ სააპელაციო საჩივრის შეტანისას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ ღრმად მოხუცი იყო და პატიმრობაში იმყოფებოდა. რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებები მართებულად არ ჩათვალა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ქ-ძეს სახელმწიფო ბაჟის სახით 3186,40 ლარის გადახდა დაევალა და ხარვეზის შესავსებად 10 დღის ვადა მიეცა. ამის შემდეგ, 2010 წლის 22 თებერვალს, მ. ქ-ძემ სასამართლოს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა, ამასთან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვა, თუმცა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არც ამ შემთხვევაში წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო ხარჯების ოდენობის შესამცირებლად მხარის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა ასევე სავალდებულოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით მ. ქ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 14 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება მას 26 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 10 მაისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიეღო.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მისი უფლბები შეილახა, რადგანაც საქმის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა წაერთვა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მართალია, მხარისათვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც როგორც საპროცესო კანონმდებლობით, ისე არაერთი საერთაშორისო აქტითაა განმტკიცებული, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის გარკვეული მოთხოვნების (გასაჩივრების ვადის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის და ა.შ.) დაწესების დაუშვებლობას. მთავარია, ამგვარმა მოთხოვნებმა ხელოვნური ბარიერი არ შექმნას სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების (რომლის შემადგენელი ნაწილია გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება) რეალიზაციისას. სახელმწიფო ბაჟის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, არ ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს ხელმისაწვდომობის შელახვა იმ შემთხვევაში იქნებოდა სახეზე, თუ სასამართლო მხარეს დაუსაბუთებლად ეტყოდა უარს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, მ. ქ-ძემ კი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები არ შეასრულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 386-ე, 63-ე, 47-ე, 48-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.