¹ას-745-802-2011 07 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-შვილის უფლებამონაცვლე შ. ჩ-ძე
წარმომადგენელი _ ტ. ა-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჩ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. კ-შვილის უფლებამონცვლე შ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-შვილის უფლებამონაცვლე შ. ჩ-ძის წარმომადგენელმა ტ. ა-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით მ. კ-შვილის უფლებამონაცვლე შ. ჩ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2011 წლის 23 მაისს.
2011 წლის 27 მაისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ტ. ა-ვამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის, შ. ჩ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2011 წლის 23 მაისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ტ. ა-ვას ოჯახის წევრს (მეუღლეს), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით (ტომი 2, ს.ფ. 217; ტომი 3, ს.ფ. 84-85). შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად ითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 24 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 27 მაისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა შეევსო 27 მაისის ჩათვლით.
2011 წლის 27 მაისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ტ. ა-ვამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ იგი ვერ ახერხებს ბაჟის გადახდას.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობას, ვინაიდან, ჯერ ერთი, არ არის წარმოდგენილი მარწმუნებლის საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ხარვეზის შევსების ვადის გაგძელების საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. კ-შვილის უფლებამონაცვლე შ. ჩ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-შვილის უფლებამონაცვლის, შ. ჩ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.