ას-747-700-2010 3 აგვისტო, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ზ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ლ.ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. რ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. რ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საბინაო ამხანაგობა “... 17-ის” მიმართ ამხანაგობა “... 17-ის” 2003 წლის 15 თებერვლის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ძეს სარჩელი 2003 წლის 15 თებერვლის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “... 17-ის” საერთო კრების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ძემ. აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ლ. წ-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა – ლ. შ-ძე, თ. ჩ-ძის უფლებამონაცვლედ – ქ. ფ-ავა, თ. კ-ძის უფლებამონაცვლედ – მ. მ-ძე, მ. ს-ავას უფლებამონაცვლედ – ჟ. ლ-ავა, ლ. მ-შვილის უფლებამონაცვლედ – ნ. ს-ძე, მ. ს-ავას უფლებამონაცვლედ – გ. ს-შვილი, თ. ს-ძის უფლებამონაცვლედ – ე. ჩ-შვილი, ლ. მ-შვილის უფლებამონაცვლედ – გ. მ-შვილი, თ. კ-ძის უფლებამონაცვლედ – ნ. ც-ძე, კ. კ-ძის უფლებამონაცვლედ – ნ. ხ-იანი, ლ. ნ-ას უფლებამონაცვლედ – ს. ზ-ძე, მ. ჯ-ძის უფლებამონაცვლედ – რ. ჩ-ერს უმცროსი.
ლ. ნ-ას უფლებამონაცვლე ს. ზ-ძემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ს.ზ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მოპასუხედ ლ.ნ-ას ჩაბმა.
2010 წლის 19 ივლისს ს.ზ-ძის წარმომადგენელმა ლ.ქ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა კერძო საჩივრის გამოხმობა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ნ-ას უფლებამონაცვლე ს. ზ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “... 17-ის” წევრ ლ.ნ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ს. ზ-ძე. უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს.ზ-ძემ.
საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ს.ზ-ძის წარმომადგენელი ლ.ქ-შვილი მოითხოვს მისი მარწმუნებლის მიერ შეტანილი კერძო საჩივრის გამოხმობას და სახემწიფო ბაჟის _ 50 ლარის დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის _ ს.ზ-ძის წარმომადგენელ ლ.ქ-შვილის განცხადება კერძო საჩივრის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ს.ზ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე. კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ლ.ქ-შვილის მიერ 2010 წლის 25 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ზ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს ლ.ქ-შვილის მიერ 2010 წლის 25 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.