Facebook Twitter

ას-748-701-10 14 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა :

მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ჯ. პ.’’ (მოსარჩელე)

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი _ მ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – სს “...’’- დირექტორი კ. ქ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,...” სარჩელი შპს ,,ჯ. პ.-სათვის’’ 15501,40 ლარის დაკისრების თაობაზე.

იგივე სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული 2009 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ჯ. პ.-ს’’ წარმომადგენელმა- მ. კ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2010 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 620,05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის შესახებ 2010 წლის 17 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს – მ. კ-იას გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – თბილისი, სან-ზონა Xგ კორპუსი ბინა 34, სადაც ჩაბარდა პირადად 2010 წლის 25 მაისს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ამ დროიდან უნდა ჩაითვალოს დასახელებული განჩინება აპელანტ ორგანიზაციაზე ჩაბარებულად გამომდინარე იქედან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, გზავნილი ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს და ჩაბარებულად ითვლება ერთ-ერთი მათგანის მიერ მიღების შემთხვევაში. ამდენად, შპს „ჯ. პ.-სათვის“ ხარვეზის დადგენის შესახებ 2010 წლის 17 მაისის განჩინება ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული მისი წარმომადგენლის მიერ მიღების მომენტიდან – 2010 წლის 25 მაისიდან.

დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით აპელანტ შპს „ჯ. პ.-ს“ წარმომადგენელმა – მ. კ-იამ პალატას განცხადებით მომართა 2010 წლის 8 ივნისს. იქიდან გამომდინარე,რომ ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტზე ჩაბარებულად ითვლება – 2010 წლის 25 მაისი. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა ყოფილიყო გამოსწორებული ამ დროიდან 10 დღის ვადაში – 2010 წლის 4 ივნისის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, 2010 წლის 8 ივნისს წარდგენილი განცხადება, როგორც საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი,სააპელაციო პალატამ დატოვა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ ყოფილა გამოსწორებული საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც საფუძველია სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 და 374-ე მუხლების დანაწესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ჯ. პ.-ს” წარმომადგენელმა მ. კ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სადავოდ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს „ჯ. პ.-მ“ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სრულად დაუბრუნდა აპელანტს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, არც ის არის სადავო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამისი დამადასტურებელდი დოკუმენტის დედნის წარდგენა დაევალა აპელანტს – შპს „ჯ. პ.-ს“ და არა წარმომადგენელს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მისგან სასამართლოს წარედგინა მაშინ, როცა მარწმუნებელმა გადასცა.,კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საპროცესო კანონი სააპელაციო საჩივრის არმიღების საფუძვლად იმპერატიულად უთითებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას და არა ამგვარი მოქმედების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დანიშნული ვადის გადაცილებით.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა შესრულებულია – სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სასამართლოს და არა კანონის მიერ განსაზღვრულ დროში. ამას სადავოდ გასაჩივრებული განჩინებაც არ ხდის. სააპელაციო საჩივრის არმიღების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და არა ამ ვადაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ელექტრონული ვერსიის) სასამართლოს მიერ განსაზღვრული ათდღიანი ვადის გადაცილებით წარდგენის შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლოს თავისი ინიციატივითაც შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, მით უფრო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის მოთხოვნა განჩინებითაა დაკისრებული და არა კანონის პირდაპირი მოთხოვნით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 372-ე მუხლის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები, ხსენებულ საკანონმდებლო ნორმათა შესაბამისად, არ გამოიტანა ათდღიანი ვადაში სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინება და არც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღებულია სათანადო განჩინების გამოტანის გარეშე, ხოლო გასაჩივრებული 30.06.2010 წლის ¹2ბ\1645-10 განჩინება ნებისმიერი თვალსაზრისით, უკანონოა და მართლმსაჯულებაზე უარის თქმაა.

გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანი, კანონიერი და დასაბუთებულია, რის გათვალისწინებითაც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით შპს “ჯ. პ.-ს” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის დადგენის შესახებ 2010 წლის 17 მაისის განჩინება, აპელანტის, შპს „ჯ. პ.-ს“ წარმომადგენელს, მ. კ-იას ჩაბარდა 2010 წლის 25 მაისს. მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს “ჯ. პ.-ს” სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნული ნორმა ცალსახად მიუთითებს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება დადგეს ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამასთან, ნორმიდან ისიც გარკვევით ჩანს, რომ ბაჟის გადახდის ქვითარი უნდა ერთვოდეს სააპელაციო საჩივარს, რადგან ბაჟის გადახდა- არ გადახდის შემოწმება შეუძლებელია ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის გარეშე. ზემაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია გაზიარება კერძო საჩივრის ავტორის აზრისა, იმის თაობაზე, რომ კანონი სააპელაციო საჩივრის არ მიღების საფუძვლად იმპერატიულად უთითებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას და არა ამგვარი მოქმედების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას დანიშნული ვადის გადაცილებით. მითითებული ნორმის კერძო საჩივრის ავტორისამებრ გაგების შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელი გახდება შემოწმება იმისა, შეავსო თუ არა მხარემ ხარვეზი და დაუსრულებელს გახდის საქმის წარმოებას.

სასამართლო, როგორც წესი, სარჩელზე ხარვეზის დადგენის დროს მხარეს განუსაზღვრავს მისი აღმოფხვრის საშუალებასც და განჩინების დადგენილებით ნაწილით მხარეს ავალებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სასამართლოში. აპელანტის მიერ სასამართლოს მიცემულ ვადაში ბაჟის ქვითარი სასამართლოში არ წარდგენილა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 372-ე მუხლის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები, ათ დღიანი ვადაში არ გამოიტანა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთ აღნიშნული ნორმით რეგულირდება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და არა ხარვეზის შევსების ან შეუვსებლობის შემდგომ განსახორციელებელ მოქმედებანი. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და დაადგინა ხარვეზი. შემოდგომი განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. აღნიშნულით სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ჯ. პ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.