Facebook Twitter

ას-76-66-2011 17 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზოგადოების დასაფუძნებლად შეტანილი წილის ოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ბანკის» მიმართ და მოითხოვა საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის დასაფუძნელად შენატანის ოდენობის დადგენა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის დასაფუძნებლად შეტანილი თანხის _ 1 198 102 კუპონის 1751,6 აშშ დოლარად გადაანგარიშების აღიარება, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის 1994-2003 წლის პერიოდზე დივიდენდების გადახდის დაკისრება, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ.გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ლ. გ-ძის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ლ. გ-ძის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლო დაეყრდნო პროცესზე აპელანტის განმარტებას სარჩელზე უარის თქმისა და მომავალში სხვა საფუძლებით ახალი სარჩელის შეტანის თაობაზე და იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, მე-3 მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. გ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის სხდომის ოქმში არასწორად მიეთითა, თითქოს აპელანტმა უარი განაცხადა სარჩელზე. რეალურად ლ.გ-ძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მომავალში გამოეხმო სარჩელი. აღნიშნულის თაობაზე მხარემ მიმართა სასამართლოს სხდომის ოქმში ცვლილებების შერანის თაობაზეც.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიგო ლ.გ-ძის განმარტება და საქმის წარმოება შეწყვიტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით ლ.გ-ძის შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხლემძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, რასაც, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოჰყვება სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით საქმის წარმოების შეწყვეტა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის სხდომის ოქმიდან დასტურდება, რომ აპელანტმა ლ. გ-ძემ უარი განაცხადა სარჩელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება.

დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორად გაიგო ლ.გ-ძის განმარტება, რომელმაც სინამდვილეში ვარაუდი გამოთქვა მომავალში სარჩელის შესაძლო გამოხმობის შესახებ და სარჩელზე უარი არ განუცხადებია. მსგავსი სახის განმარტება ზემოხსენებულ სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული არ არის და არც სააპელაციო პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით ლ.გ-ძის განცხადება სხდომის ოქმში ცვლილების შეტანის თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის სხდომის ოქმის შინაარსს და თვლის, რომ ლ. გ-ძემ სარჩელზე უარი თქმის შესახებ თავისი ნება გამოხატა გარკვევით და არაორაზროვნად, რაც სააპელაციო პალატის მიერაც ადეკვატურად იქნა აღქმული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.