Facebook Twitter

¹ას-76-73-2010 15 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ჟ. ს-ძე (წარმომადგენელი რ. ფ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ს. ს. ბ.”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 29 ივლისს ბათუმის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს. ს. ბ.” მოპასუხე ჟ. ს-ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ სს “ს. ს. ბ.” და ჟ. ს-ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჟ. ს-ძეზე გაიცა 19 000 აშშ დოლარი 2018 წლის 1 ივლისამდე, ყოველთვიურად 1 პროცენტის დარიცხვით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2003 წლის 11 ივლისს იპოთეკით დაიტვირთა ჟ. ს-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანება შეადგენდა 26 177 აშშ დოლარს (ს.ფ. 3-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ს. ს. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ჟ. ს-ძეს სს “ს. ს. ბ.” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 16 801 აშშ დოლარისა და გადასახდელი პროცენტის _ 9736 აშშ დოლარის გადახდა. თანხის დასაფარად დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, საქმის მასალებით დასტურდებოდა სესხის ძირითადი თანხის _ 16801 აშშ დოლარისა და გადასახდელი პროცენტის _ 9736 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებელს ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უფლება ჰქონდა, ვადაზე ადრე მოეთხოვა ვალდებულების შესრულება და შესაბამისად არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (ს.ფ. 87-91).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ჟ. ს-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტის მითითებით, საკრედიტო თანხების პირველი გადახდა უნდა მომხდარიყო 2003 წლის 31 ივლისიდან ყოველთვიურად, კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდით. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2003 წლის 31 ივლისს, საიდანაც სარჩელის შეტანამდე გასული იყო 5 წელი და 3 თვე და შესაბამისად, სარჩელი იყო ხანდაზმული (ს.ფ. 97-99).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ჟ. ს-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 1061 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 102-104).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ჟ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟ. ს-ძეს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განჩინების გზავნილი ჩაჰბარდა ჟ. ს-ძის წარმომადგენელ რ. ფ-ძის ოჯახის წევრს 2009 წლის 14 დეკემბერს. ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 21 დეკემბერს, ხოლო ხარვეზი არ იქნა შევსებული დადგენილ ვადაში (ს.ფ. 107-109).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა ჟ. ს-ძის წარმომადგენელმა რ. ფ-ძემ და მიუთითა, რომ ვერ შეძლო მარწმუნებელთან დაკავშირება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 16 დღით (ს.ფ. 113).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აპელანტს არ ჰქონდა მატერიალური საშუალება, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 119).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ჟ. ს-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.

გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ჟ. ს-ძის წარმომადგენელ რ. ფ-ძისათვის გაგზავნილი გზავნილი მის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაიბარა მისმა მამამ 2009 წლის 14 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 7-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 18 სექტემბერს და დასრულდა 24 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, ხოლო აპელანტის წარმომადგენლის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს წარედგინა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ჟ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჟ. ს-ძის (წარმომადგენელი რ. ფ-ძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.