ას-774-724-2010 27 სექტემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “კ. მ. “ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ტ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის და მოსალოდნელი ხარჯების ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ტ-შვილმა (კანონიერ წარმომადგენლები: ხ.ა ტ-შვილი, ზ. ტ-შვილი) მოპასუხეების _ შპს “კ. მ.-სა” და ი. კ-ოვის მიმართ პლასტიკური ოპერაციებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელში მითითებულია, რომ ნ. ტ-შვილმა 2003 წლის 21 ნოემბერს მიიღო თერმული დამწვრობა. მკურნალობა ჩაუტარდა ქ. გორის რაიონულ საავადმყოფოში. დამწვრობის შედეგად მას ქვედა ყბაზე, ნიკაპსა და ყელზე დარჩა ნაწიბურები, რომლის აღმოსაფხვრელად მიმართეს ესთეტიკური და რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგიის კლინიკას “კ. მ.-ს”, სადაც მოსარჩელის მკურნალობა დაიწყო პროფესორმა ი. კ-ოვმა. 2004 წლის 11 მაისს ი. კ-ოვმა ნ. ტ-შვილს ჩაუტარა პლასტიკური ოპერაცია რომლის შემდგომ პაციენტს ჰქონდა გართულებები. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ ი. კ-ოვმა პაციენტის მშობლების გაფრთხილების გარეშე ჩაატარა კიდევ სამი ოპერაცია. მის მიერ ჩატარებული ოპერაციები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და პაციენტს დარჩა დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები, რომლებსაც დაემატა ნაწიბურები ხელებსა და მუცლის არეში. 2004 წლის 10 ნოემბერს ნ. ტ-შვილს სხვა ექიმის მიერ ჩაუტარდა მეხუთე ოპერაცია, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. ოპერაციებზე არ იყო არასრულწლოვანი პაციენტის კანონიერ წარმომადგენლების წერილობითი თანხმობა. მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ფიზიკური ზიანის _ 300 000 აშშ დოლარის, მორალური ზიანის _ 650 000 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის _ 188 702 ლარისა და მოსალოდნელი ხარჯის _ 70 000 ევროს მოპასუხეებისათვის დაკისრება (ტ.1, ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “კ. მ.-ს” ნ. ტ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 4772 ლარისა და მორალური ზიანის სახით 30 000 აშშ დოლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ. 294-301).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ. მ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა ზიანის მიყენებას, რაც დასტურდებოდა ექსპერტის დასკვნით და შესაბამისი ექსპერტების დაკითხვით, არამედ ოპერაციის ინდივიდუალურ შედეგს, რომელიც არ იყო გამოწვეული ექიმის მცდარი სამედიცინო ქმედებით. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ არასრულწლოვანი პაციენტის კანონიერ წარმომადგენლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაშიც ოპერაციის შემდეგ დადგებოდა იგივე შედეგი (ტ.1, ს.ფ. 309-320).
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ნ. ტ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ წერილობითი თანხმობა აუცილებელი იყო ქმედუუნარო ან გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის განსახორციელებლად. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ი. კ-ოვის მიერ ნ. ტ-შვილის სხეულზე მიყენებული დეფექტების შესახებ, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი იყო ექიმის მიერ გაწეული მკურნალობით (ტ.1, ს.ფ. 322-334).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით შპს “კ. მ.-ისა” და ნ. ტ-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.2, ს.ფ. 145-154).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “კ. მ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 4472 ლარის, მორალური ზიანის სახით 30 000 აშშ დოლარისა და მოსალოდნელი ხარჯების _ 70 000 ევროს გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მკურნალი ექიმის მოქმედება იყო ბრალეული მისი მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რამაც ასახვა ჰპოვა შედეგზე. მკურნალმა ექიმმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნ. ტ-შვილისათვის პლასტიკურ-კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ და ვერ შეძლო ნაკლის აღმოფხვრა ორი დამატებითი ოპერაციის ჩატარების მიუხედავად (ტ.2, ს.ფ. 228-237).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ.2, ს.ფ. 347-359).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შპს “კ. მ.-მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ.2, ს.ფ. 260-270).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ი. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ი. კ-ოვს რაიმე ვალდებულების შესრულება არ დაკისრებია და გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ არ ყოფილა მიღებული (ტ.3, ს.ფ. 6-8).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით შპს “კ. მ.-ის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2010 წლის 7 ივლისს, 16.00 საათზე (ტ.3, ს.ფ. 15-17).
2010 წლის 7 ივლისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს “კა. მ.”. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “კ. მ.-ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა მის ადმინისტრატორს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. მიუხედავად ამისა იგი არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება (ტ.3, ს.ფ. 41-44).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “კ. მ.-მ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მესამე პირის, ი. კ-ოვის წარმომადგენელმა პ. ს-იამ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით აპელანტმა არ იცოდა სასამართლო სხდომის დრო, აღნიშნულის შესამოწმებლად მან დარეკა შპს “კ. მ.-ს” წარმომადგენლთან, რომელმაც განმარტა, რომ სხდომის შესახებ არც მისთვის და არც დირექტორისათვის არ იყო ცნობილი. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი უწყება შესაძლოა მართლაც იყო ხელმოწერილი და ბეჭედდასმული აპელანტის თანამშრომლის მიერ, რაც ფორმალურად სასამართლოს აძლევდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, თუმცა სასამართლო უწყება არც შპს “კ. მ.-ს” დირექტორს და არც მის წარმომადგენელს პირადად არ ჩაჰბარებიათ, ხოლო უწყების ჩამბარებელმა თანამშრომელმა არ შეატყობინა დირექტორს და მის წარმომადგენელს სხდომის შესახებ (ტ.3, ს.ფ. 48-51).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “კ. მ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის სხდომაზე მოწვევის შესახებ უწყება აპელანტის _ შპს “კ. მ.-ს” მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 7 ივლისს ჩაჰბარდა მის ადმინისტრატორს, რაც დასტურდება შესაბამისი ხელმოწერით და შპს “კ. მ.-ს” ბეჭდით. მართალია, შპს-ის დირექტორი, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.3 მუხლის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისადმი გაგზავნილი კორესპონდენცია პირადად მას უნდა ჩაჰბარდეს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 4.4 მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მიერ განცხადებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ ვერ ასაბუთებს გამოუცხადებლობის საპატიოობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი სწორად არის დატოვებული განუხილველად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “კ. მ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.