ას-782-731-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ს.”
მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს.”-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-შვილისა და ი. დ-ძის უფლებამონაცვლე ც. კ-ძის მიმართ მოპასუხეთა შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული ქ.ბათუმში, ... ქ.¹78/88-ში მდებარე 24,4 კვ.მ-ს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს “ს.-ს” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ც. კ-ძემ, რაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს “ს.-ს” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.
საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ც. კ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.
2010 წლის 3 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. კ-შვილის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მიუხედავად იმისა, რომ დ. კ-შვილი, როგორც 2007 წლის 27 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, საქმეში სავალდებულო თანამონაწილეობის წესით იყო ჩაბმული მეორე მოპასუხედ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგი 2009 წლის 3 დეკემბერს საქმის განხილვაზე არ მოიწვია. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება შეეხო მის ინტერესებს, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მოეწვია პროცესზე და მიეცა მისთვის შესაძლებლობა თავისი პოზიციის გამოსახატავად. განმცხადებლის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების შესახებ მან შეიტყო 2010 წლის 25 მაისს, ანუ მას შემდეგ, რაც ც. კ-ძეს ჩაბარდა უზენაესი სასმართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათლად ცნობა და, ამასთან ამავე კოდექსის 432-ე მუხლის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. კ-შვილის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-შვილი, როგორც მხარე, საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილა; ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი; შესაბამისად, დ. კ-შვილს, როგორც ხელშეკრულების მონაწილეს, წარმოეშვა გარკვეული ვალდებულებები აწ გარდაცვლილი ი. დ-ძის კანონიერი მემკვიდრეების მიმართ, რაც ცხადყოფდა, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებები დ. კ-შვილის ინტერესებზე გავლენას ახდენდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ს.-ს” წარმომადგენელმა ლ. მ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განმცხადებლისათვის საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ობიექტი იყო არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინება, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, ვინაიდან მითითებული მუხლი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან ისეთი განჩინების გაუქმებას, რომლითაც საქმის წარმოება დამთავრდა. გასაჩივრებული განჩინებით კი საქმის წარმოება არ დამთავრებულა და მისი ბათილად ცნობა ვერანაირად გამოიწვევს საქმის განახლებას, ვინაიდან ფაქტობრივად ძალაში რჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე ძირითად გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ამდენად, განცხადებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოშია წარდგენილი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დ. კ-შვილის განცხადება არ უნდა დაეკმაყოფილებინა არც იმ საფუძვლით, რომ მას გაშვებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მისთვის თავისი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი იყო არა 2010 წლის 25 მაისს, როგორც თავად განმცხადებელი უთითებდა, არამედ 2010 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, ვინაიდან ც. კ-ძე აღნიშნული გარემოებას საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “ს.-ს” წარმომადგენელ ლ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით ან განჩონებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვტეილების ბათილად ცნობის (442-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოაბათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423 მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესლი გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თავის იურიდიულ ძალას დაკარგავს და ბათილად იქნება ცნობილი, თუ დადგინდება, რომ საქმე განხილულ იქნა ერთ-ერთი მხარის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიწვევის გარეშე, მის დაუსწრებლად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. კ-შვილი, როგორც სადავო ხელშეკრულების მონაწილე, რომელიც საქმეში სავალდებულო თანამონაწილეობის წესით იყო ჩაბმული მეორე მოპასუხედ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა. იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. კ-შვილის ინტერესებზე გავლენას ახდენდა, ვინაიდან მას, როგორც სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს, გარკვეული ვალდებულებები წარმოეშვა მეორე მხარის, აწ გარდაცვლილი ი. დ-ძის კანონიერი მემკვდრეების წინაშე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც დ. კ-შვილის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის განმაორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ს.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-შვილსა და აწ გარდაცვლილ ი. დ-ძეს შორის 2007 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ქ.ბათუმში, ... ქ¹78/88-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 24,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამ ფართზე აღიარებულ იქნა სს “ს.-ს” საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებით.
დადგენილია, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეებს, მათ შორის დ. კ-შვილსაც (იხ. ტ.I ს.ფ. 101).
დადგენილია, რომ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხე ც. კ-ძემ (იხ. ტ.I, ს.ფ.104-111), ხოლო დ. კ-შვილს მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება არ გამოუყენებია. საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალაზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი (სსკ-ის მე-3 მუხლი), რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინცპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილებები ან შეურიგდნენ ამ გადაწყვეტილებას, ცნონ იგი. განსახილველ შემთხვევაში, დ. კ-შვილმა განკარგა თავისი საპროცესო უფლება, არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად ცნო იგი და მისი შედეგები, რაც ცხადყოფს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული სააპელაციო წესით საქმის განხილვაზე დ. კ-შვილი, როგორც მხარე (რომლის მიმართ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული), მოეწვია სასამართლო სხდომაზე იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებები მის ინტერესებზე გავლენას ახდენდა, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ივარაუდება, რომ იგი ფაქტობრვად დაეთანხმა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თვით უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა და არ მიიჩნია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კასატორ ც. კ-ძის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. კ-შვილის საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება, რომლითაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება ბათილად იქნა ცნობილი, უნდა გაუქმდეს და დ. კ-შვილს უარი უნდა ეთქვას განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ს-ს” წარმომადგენლის ლ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება;
დ. კ-შვილის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკებრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაოაბზე არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.