ას-789-738-2010 27 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M ვ. როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე მ. მ-ძის სარჩელისა გამო სს “მ.-სა” და დირექტორ ბ. გ-ავას მიმართ, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, შრომის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 22 დეკემბერს მ. მ-ძემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოპასუხედ სს “მ.” დაასახელა. მოსარჩელემ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკურლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სახელფასო განაკვეთის შეცვლა და იძულებით განაცდურის 110 ლარიანი სახელფასო განაკვეთით ანაზღაურება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ-ძემ სააპელაციო წესით გასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
მ. მ-ძემ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 1 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ 30 ივნისს ეცნობა და სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძეს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 7 დღით გაგრძელდა.
აღნიშნული განჩინების პასუხად, 2010 წლის 22 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, რომლითაც უარი განაცხადა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე, ამასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო როგორც “სახელმწიფო ბაჟის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ა” და “მ1” ქვეპუნქტების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”-”დ” ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ მ. მ-ძეს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძეს 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა, ხოლო 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 7 დღით გაგრძელდა. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება მხარეს 18 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 25 ოქტომბერს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, უფრო მეტიც, 2010 წლის 22 ოქტომბრის განცხადებით მ. მ-ძემ სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე უარი განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც, მ. მ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთელი რიგი ნორმებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა 2010 წლის 20 სექტემბრის ხარვეზის განჩინებით, ასევე 6 ოქტომბრის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით და მ. მ-ძეს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებაზე უარი უთხრა. კერძო საჩივრის ავტორს კი თავის განცხადებაში არც ახალი საფუძველი მიუთითებია, არც საკმარისი მტკიცებულებები წარუდგენია სასამართლო ხარჯებში რაიმე სახის შეღავათის გასაწევად.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.