Facebook Twitter

ას-789-843-2011 27 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჩ. მ-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/678-11 დამტკიცდა მორიგება ჩ. მ-ლსა და ა. მ-ლს შორის. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ-ლმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ლის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ტომი 2, ს.ფ. 36-38). დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 39).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა ა. მ-ლიმ და მისმა წარმომადგენელმა თამარ მეტრეველმა უარი განაცხადეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მათ დაკარგეს უფლება გაასაჩივრონ მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, ა. მ-ლის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა. მ-ლი არის არაქართველი და მას სჭირდებოდა თარჯიმანი. მართალია, მან უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრებაზე, მაგრამ მისთვის გაუგებარი იყო განჩინების შინაარსი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 აპრილის სხდომაზე, რომელზედაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, არც ა. მ-ლის და არც მის წარმომადგენელს თარჯიმანი არ მოუთხოვიათ, ხოლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ა. მახაილი ქართულად პასუხობდა მოსამართლის შეკითხვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს ა. მ-ლის კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.