ას-798-747--10 28 ოქტომბერი, 2010 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს ,,პ.”, გ. გ-ური, დ. და გ. ს-შვილები (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ო. კ-შვილი, ე. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე –სს ,,... ბანკი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სს “... ბ.” სარჩელი შპს “პ.-ს”, დ. ს-შვილის, გ. ს-შვილისა და გ. გ-ურის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “პ.-ს”, დ. ს-შვილს და გ. ს-შვილის სს “... ბ.” სასარგებლოდ დაეკისრათ 107 764 დოლარისა და 72 ცენტის გადახდა; შპს “პ.-ს” ს/ს “... ბ.” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 177 აშშ დოლარის გადახდა და შპს “პ.-ს”, დ. ს-შვილსა და გ. ს-შვილს სს “... ბ.” სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2009 წლის 14 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 0,1% გადახდა.
აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,პ.-მა”, გ. გ-ურმა დ. და გ. ს-შვილებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი კერძოდ, 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ამავე პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზების შესავსებად შვიდი დღით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა. საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენელს ო. კ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 5 ივლისს. (ჩაიბარა თანამშრომელმა დ. მ-ძემ). ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 12 ივლისს.
პალატამ მიიჩნია, რომ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს ,,პ.-ს”, გ. გ-ურის, დ. და გ. ს-შვილების წარმომადგენლებმა ო. კ-შვილმა და ე. გ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორების აზრით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო პალატა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად უთითებს აპელანტების მხრიდან საბელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას, მაშინ, როდესაც, გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე 2010 წლის 5 მაისს, მათ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით, რომელიც უტყუარად ადასტურებდა აპელანტების უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობასა და მათი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის შეუსაფლებლობას. კერძო საჩივრის ავტორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია აპელანტების მატერიალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „პ.-სა“ და მის ბიზნეს პარტნიორებს შორის წარმოშობილმა დაძაბულობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა შპს „პ.-ს“ სამეწარმეო საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირება. საზოგადოებაში წარმოშობილმა ფინანსურმა პრობლემებმა კი ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა აპელანტის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის, რომ დავასთან დაკავშირებით არსებულმა სიძნელეებმა ასევე მკვეთრად გააუარესა, ისედაც მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი აპელანტ გ. გ-ურის, დ. და გ. ს-შვილების მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი ამ დროისათვის ვერ გადაიხადეს.
კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანიშნულ ვადაში აპელანტებს მხარვეზი არ შეუვსიათ, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს ,,პ.-ს”, გ., დ. და გ. ს-შვილების სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, შპს ,,პ.-ს”, გ., დ. და გ. ს-შვილების მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს „პ.-სა“ და მის ბიზნეს პარტნიორებს შორის წარმოშობილმა დაძაბულობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა შპს „პ.-ს“ სამეწარმეო საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირება, საზოგადოებაში წარმოშობილმა ფინანსურმა პრობლემებმა კი ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა აპელანტის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, აღნიშნული მატერიალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტები კი სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია და არ გაითვალისწინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა წინამდებარე მოსაზრებას, ვინაიდან, მხარეს არ წარმოუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველის დოკუმენტები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, რაც გამორიცხავდა მოცემულ საქმეზე ბაჟის წინასწარ გადახდის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, საკასაციო პალატა, მხარის მხოლოდ ზეპირ სიტყვიერ მითითებას, როგორც მტკიცებულებას ვერ მიიღებს მხედველობაში.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგეს აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმე ბისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,პ.-ს”, გ. გ-ური, დ. და გ. ს-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.