Facebook Twitter

ას-799-748-10 13 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. რ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სამშენებლო კომპანია ,, კ.”, ვ. ბ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ე. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმავე გადაწყვეტილებით ვ. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს “კ.-სა” და ე. რ-შვილს შორის 1998 წლის 25 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება ¹1/3/7.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. რ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ე. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 26 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე. რ-შვილს საქმეში მითითებულ მისამართზე (ს. ... 3-ში მდებარე, ბინა 40-ში) გაეგზავნა 2010 წლის 26 აპრილს.

აღნიშნული გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარებაზე ე. რ-შვილმა უარი განაცხადა 2010 წლის 28 მაისს.

პალატამ მიიჩნია, რომ ე. რ-შვილს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 28 მაისის და, შესაბამისად სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 29 მაისიდან და დასრულდა 2010 წლის 11 ივნისს. სააპელაციო საჩივარი კი, ე. რ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 28 ივნისს.

პალატამ მიიჩნია, რომ ე. რ-შვილმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. რ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად დაადგინა 28 მაისი და არა მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად მიღების თარიღი – 2010 წლის 15 ივნისი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში.

ე. რ-შვილის აზრით, საქმეში არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უწყების მიმტანი პირის მიერ განხორციელდა ადრესატის იდენტიფიცირება, რომელსაც უნდა ეცნობოს სასამართლო უწყების შინაარსი, ხოლო მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს განემარტოს სასამართლო უწყების შინაარსის ადრესატისათვის დაუყოვნებელი გადაცემის ვალდებულება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, იგი სისტემატურად ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადმოცემას, რაც დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერით სატელეფონო ზარების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. რ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ ე. რ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ე. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს და მისი დენა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან აღნიშნული ვადა აღდგენას არ ექვემდებარება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 26 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე. რ-შვილს საქმეში მითითებულ მისამართზე (ს. ... 3-ში მდებარე, ბინა 40-ში) გაეგზავნა 2010 წლის 26 აპრილს.

აღნიშნული გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარებაზე ე. რ-შვილმა უარი განაცხადა 2010 წლის 28 მაისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. შესაბამისად, ე. რ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 28 მაისს (ს.ფ.365). სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 28 ივნისს (ს.ფ.344-349), ზემოხსენებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ჩაიბარა არა 28 მაისს, არამედ 2010 წლის 15 ივნისს. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარის ეს მოსაზრება ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული გზავნილის (ტ.1ს.ფ.365) ნამდვილობას. აღნიშნული გზავნილი ოფიციალურ დოკუმენტია, რომელიც საქმეში წარმოდგენილია დედნის სახით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებული გზავნილის მონაცემებს და თვლის, რომ ე. რ-შვილმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ე. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. რ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.