Facebook Twitter

ას-800-749-2010 28 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ძე

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. კ-იანმა ბ. ბ-ძის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და თანხის დაკისრების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ბ-ძეს ნ. კ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა, საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹6-ის 16კვ.მ ოთახი გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ბ. ბ-ძის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა ნ. კ-იანს, ნ. კ-იანს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2000 ლარის ანაზღაურებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით ბ. ბ-ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შუმდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ბ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა უნდა შეჩერდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, ვანაიდან, აღნიშნულ საქმეზე უნდა დადგინდეს ე. ბ-ძის საკუთრების უფლება სადავო ფართზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წინამდებარე საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-იანმა. მან მიუთითა, რომ 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმე შეჩერდა იმავე სასამართლოში არსებული სააპელაციო საჩივრის განხილვამდე, რომელიც მიმდინარეობს ბ. ბ-ძის დასა და მას შორის, ანუ სხვა საქმეში მხარეებს წარმოდგენენ ე. ბ-ძე და ნ. კ-იანი. მოცემულ საქმეში კი, მხარეები არიან ბ. ბ-ძე და ნ. კ-იანი. დავა მიმდინარეობს საცხოვრებელ ოთახზე, რომელიც ჯერ არ განხილულა და მის განხილვამდე, გაურკვეველი დროით, შეჩერდა საქმის განხილვა. დავა ეხება სწორედ იმ უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, რასაც ადგილი ჰქონდა მასა და ბ. ბ-ძეს შორის, კერძოდ, იგი არის ავად, ვერ მოძრაობს. 1995 წელს მემკვიდრეობით მიიღო მამის ბინა, რომელიც სამი ოთახისაგან შესდგებოდა, აქედან დაკავებული აქვს ყველა ოთახი 1995 წლიდან, ხოლო ერთ-ერთი ოთახი, 14 კვ.მ ფართის მან გააქირავა მოქალაქე ს-ზე, სადაც მისი ნებართვის გარეშე 1996 წელს ჩაეწერა ე. ბ-ძე. ე. ბ-ძეს 1997 წლიდან დღემდე აღარ უცხოვრია მითითებულ ადგილზე და დღეისათვის იგი ამოწერილია ბინიდან. მან გადაწყვიტა სადავო ოთახი გაექირავებინა მის მომვლელზე, რის გამოც ბ. ბ-ძემ შესთავაზა ნ. კ-იანს, გადაეხადა მისი დის - ე.-სათვის 6000 აშშ დოლარი, რადგან ე. ოცი წლის წინ ჩაწერილი იყო აღნიშნულ ფართში და გააჩნდა ოთახის გასაღები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. კ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

დადგენილია, რომ ნ. კ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-ძის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და თანხის დაკისრების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ბ-ძეს ნ. კ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა, საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹6-ის 16კვ.მ ოთახი გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ბ. ბ-ძის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა ნ. კ-იანს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. ბ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით ბ. ბ-ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში არსებული სამოქალაქო საქმე, სადაც უნდა დადგინდეს ე. ბ-ძის საკუთრების უფლება სადავო ფართზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. სააპელაციო სასამართლოში განიხილება ნ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი ე. ბ-ძის მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. მოცემული საქმე კი ეხება ბ. ბ-ძესა და ნ. კ-იანს შორის დავას თანხის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, კერძოდ, საცხოვრებელი ოთახის დაბრუნებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის უკანონო შეჩერებად.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.