Facebook Twitter

ბს-1238-813(კ-05) 1 აგვისტო, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია

კასატორი _ ბ. ც-ი, წარმომადგენელი ი. გ-ა (მოსარჩელე);

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმომადგენლები: მ. ი-ი, მ. ჭ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 27 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. ც-მა მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ფასიან სექტორზე მისი ჩარიცხვის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანების გაუქმება;

ბ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფასო სწავლების სექტორზე ჩარიცხვა;

გ. მის მიერ გადახდილი სწავლების საფასურის _ 1000 ლარის უკან დაბრუნება.

მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

2004 წლის ივლისის თვეში აბარებდა მისაღებ გამოცდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ......... ფაკულტეტზე. .......... ტესტურ გამოცდაში სახელმწიფო კომისიამ მისი ნაშრომი შეაფასა 8 ქულით, რის გამოც დააგროვა 34 ქულა და ჩაირიცხა აღნიშნული ფაკულტეტის ფასიან სექტორზე. უფასო სექტორზე ჩასარიცხად დააკლდა მხოლოდ ერთი ქულა. მოსარჩელემ ........... ტესტურ გამოცდაში მიღებული შეფასება გააპროტესტა მიმღებ კომისიაში, რამდენადაც მიაჩნდა, რომ მის მიერ სწორად იქნა შემოხაზული კითხვაზე პასუხის «ბ» ვარიანტი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე. კომისიამ მისი პროტესტი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ კითხვაზე სწორი პასუხი იყო «გ» ვარიანტი. მან გაპროტესტების დროს ასევე მოითხოვა შეხვედრა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარესთან, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 10-3).

მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ტესტით რეგულირებული საკითხი მოწესრიგებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით. .........-ში მისაღები გამოცდების გამარტივებული ვარიანტის ტესტირების დანიშნულება იყო აბიტურიენტების მიერ ელემენტარული სამართლებრივი ცნებებისა და დებულებების ცოდნის, აგრეთვე აზროვნების უნარის გამოვლენა. ამ მიზნით მათთვის შემქნილი იყო სასწავლო ლიტერატურა სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებში. მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტს უნდა გამოევლინა რეკომენდებული სასწავლო მასალის ცოდნა. მითითებულ ტესტზე სწორი პასუხის შემოხაზვა ბ. ც-ს შეეძლებოდა, რომ გახსენებოდა «სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების» 123-ე გვარდზე გადმოცემული დებულება, რომლის თანახმადაც უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობისა და გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სასჯელის უკანონოდ დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი სრული ოდენობით ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებდნენ პასუხს (ს.ფ. 38-41).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეკომენდებულ საგამოცდო ლიტერატურაში, კერძოდ, «სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების» 123-ე გვერდზე გაანალიზებული იყო სარჩელში მითითებულ ტესტში მოცემული საკითხი. აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, რომლის თანახმად, განზრახ უკანონო დაპატიმრებისას მოსამართლე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებდა პასუხს. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ აბიტურიენტს ტესტის ამოხსნისას უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ფაქტობრივად, წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ მუხლთან და მოსარჩელეს არ მოეთხოვებოდა აღნიშნულის ცოდნა. როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, ისე სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, სახელმწიფო იღებდა დამდგარი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი სოლიდარულ პასუხისმგებლობას აკისრებდა მოსამსახურეს, რომელიც განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობით ქმედებას ჩაიდენდა. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ბ. ც-ის მიერ შემოხაზული იყო პასუხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლს და მისი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 47-49).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ბ. ც-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ მისაღები საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ცოდნა არ გულისხმობდა აბიტურიენტის მიერ საკითხების სიღრმისეულ ცოდნას, მან, როგორც აბიტურიენტმა, იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც პასუხი ტესტზე სწორად იყო გაცემული (ს.ფ. 51).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას აპელანტმა სასამართლოს მოთხოვნით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მიუთითა, რომ ითხოვდა ფასიან სექტორზე მისი ჩარიცხვის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანების ბათილად ცნობას, უფასო სწავლების სექტორზე ჩარიცხვას და გადახდილი სწავლების საფასურის _ 1000 ლარის უკან დაბრუნებას. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მან მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე, 206-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლზე (ს.ფ. 62-64).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ბ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანებით 2004 წლის მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე არასაბიუჯეტო სწავლების შესაბამის ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, მათ შორის, ბ. ც-ი _ 34 ქულით. საფუძვლად მიეთითა თსუ მიმღები კომისიის პასუხისმგებელი მდივნის წარდგინება. 2004 წლის 10 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .......... ფაკულტეტსა და ბ. ც-ს შორის დადებული კონტრაქტით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები და სხვა პირობები, მათ შორის, სწავლების წლიური საფასური 1000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბ. ც-ს 2004 წლის მისაღებ გამოცდებზე მისი შედეგების 34 ქულით შეფასება სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია, არ მოუთხოვია ამ შედეგის, მათ შორის, ......... ტესტურ გამოცდაში სახელმწიფო კომისიის მიერ მისი ნაშრომის 8 ქულით შეფასების გაუქმება და ხელახალი შეფასება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 სადავო ბრძანება წარმოადგენდა 2004 წლის მისაღები გამოცდების თანმდევ შედეგს, ამდენად, მოთხოვნა სადავო ბრძანების ბ. ც-ის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი სადავო ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა ავტომატურად არ გამოიწვევდა 2004 წლის მისაღები გამოცდების შედეგის _ ბ. ც-ის ნაშრომის 34 ქულით შეფასების გაუქმებას და შეცვლას გამსვლელი _ 35 ქულით, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა განსახილველი დავის საგანს, ხოლო სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, ვერ იმსჯელებდა და ვერ მიაკუთვნებდა მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა არც 2004 წლის 10 აგვისტოს კონტრაქტს, რომლითაც ბ. ც-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ......... ფაკულტეტს შორის შეთანხმებულ იქნა სწავლების საფასური 1000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 66-70).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ბ. ც-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და არასწორად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. კასატორი უთითებდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მას სადავოდ არ გაუხდია მისი ნაშრომის შეფასება და აქედან გამომდინარე სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი. მისი მოსაზრებით, ასევე მცდარი იყო სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობა ავტომატურად არ გამოწვევდა 2004 წლის მისაღები გამოცდების შედეგების გაუქმებას და მის შეცვლას, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა დავის საგანს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო არასწორი გადაწყვეტილება (ს.ფ.74-75).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ისეთი საპროცესო დარღვევის დასაბუთებას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. სარჩელის აღძვრის საპროცესო უფლება, თავის მხრივ, უკავშირდება მოსარჩელის ვალდებულებას, სწორად განსაზღვროს სარჩელის დავის საგანი, მისი საფუძვლები და სასამართლოში ამა თუ იმ სახის სარჩელი წარადგინოს მოთხოვნის პროცესუალური ფორმის სწორი ინდივიდუალიზაციის გზით. აღნიშნული გარემოებები სარჩელის სწორი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის წინაპირობაა. იმავდროულად, მოსარჩელესვე აკისრია აღნიშნული მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობიდან გამომდინარე რისკიც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს თავისი მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივ კანონიერებას. მოცემულ შემთხვევაში ბ. ც-ის სარჩელის დავის საგანია ფასიან სექტორზე მისი ჩარიცხვის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანების ბათილად ცნობა, უფასო სწავლების სექტორზე ჩარიცხვა და გადახდილი სწავლების საფასურის _ 1000 ლარის უკან დაბრუნება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი ასაჩივრებს 2004 წლის მისაღებ გამოცდებზე მისი შედეგების 34 ქულით შეფასებას, მათ შორის, ........... ტესტურ გამოცდაში სახელმწიფო კომისიის მიერ მისი ნაშრომის 8 ქულით შეფასებას და ითხოვს ხელახალ შეფასებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანების საგანი არ ყოფილა მოსარჩელის საგამოცდო ნამუშევრების შეფასება და ქულათა რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულმა ბრძანებამ მხოლოდ მოახდინა იმ ფაქტის კონსტატაცია, თუ მიღებულ შეფასებათა შესაბამისად რომელი აბიტურიენტი და რომელ სექტორზე ექვემდებარებოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვას. მისაღებ გამოცდებზე მიღებულ შეფასებათა სისწორე კი ცალკე დავის საგანია და ამდენად, საჭიროებდა შესაბამისი მოთხოვნის სახით სასარჩელო განცხადებაში აღძვრას. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნა სარჩელში არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მიმართა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მოთხოვნით, ხოლო მოსარჩელე ბ. ც-მა მიუთითა სარჩელში ჩამოყალიბებულ იმავე მოთხოვნებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა სასარჩელო მოთხოვნის სწორად წარდგენის საპროცესო მოვალეობა და ამ თვალსაზრისით მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს ვერც თავისი მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლიანობას. იგი ვერ ასაბუთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹4/963 ბრძანების კანონის დარღვევით გამოცემას და ამ თვალსაზრისით როგორც მისი საკასაციო საჩივარი, ისე სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, მაშინ როდესაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრების პრეზუმფცია არ გამორიცხავს, ზოგადად, სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური დასაბუთების მოსარჩელის საპროცესო ვალდებულების არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საპროცესო ნორმების დარღვევა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ბ. ც-ი, როგორც სტუდენტი, უნდა გათავისუფლდეს მოცემულ საკასაციო საჩივარზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. ბ. ც-ი გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.