Facebook Twitter

ას-806-755-2010 22 სექტემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. გ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ნ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ 726 ლარის დაკისრება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 726 (შვიდასოცდაექვსი) ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით ვ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები ვ. გ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობაზე ნაკლებია. სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებაზე ვ. გ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. გ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, კანონის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საფჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 9 მაისს (ს.ფ. 61). ვ. გ-ძეს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 21 მაისის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი ფოსტაში ჩაბარებულია 2010 წლის 19 ივლისს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელშიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა, რის გამოც ვ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-ე, 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.