ას-807-756-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. შ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ. ...” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ბ. ...” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე მ. ქარცივაძის, ხ., ნ. და გ. შ-ძეების მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის, 44681,87 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების, ასევე იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. შ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ბ. ...” სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გ. შ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა კანონით დადგენილი ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა, რის შესახებ სასამართლო გზავნილი 2010 წლის 16 ივნისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ავ.ი-იანს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიიჩნია, რომ ა.ი-იანისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის ჩაბარებას შეესაბამება და ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა აითვალა 2010 წლის 16 ივნისიდან 23 ივნისამდე. პალატამ მიუთითა, რომ 2010 წლის 21 ივნისს მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის არგუმენტი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი ქონების რეალიზაციისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკმარის საფუძველს. ამდენად, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.შ-ძის წარმომადგენელმა ა. ი-იანმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პალატამ არასწორად უთხრა უარი მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, რა დროსაც არ გაითვალისწინა, რომ გ.შ-ძის ოჯახს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ი-ებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარს ორჯერ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში მისი გამოსწორება. დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასამართლო გზავნილი 2010 წლის 16 ივნისს ჩაბარდა აპელანტ გ.შ-ძის წარმომადგენელ ა. ი-იანს, რის შემდეგ მხარეს 5 დღის ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გ.შ-ძის წარმომადგენელ ავ.ი-იანის 2010 წლის 21 ივნისის განცხადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელია, ხოლო მარტოოდენ მხარის მითითება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ იგი სასამართლო ხარჯების დაფარვას შესძლებს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ქონების რეალიზაციის შემდეგ, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე, ვალდებულია უტყუარად, სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს, რომ მას აღნიშნული ხარჯების გადახდა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ობიეტურად არ შეუძლია.
კანონის ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად, აპელანტ გ.შ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების აუცილებლობა არ დაუსაბუთებია და არც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. შ-ძის წარმომადგენელ ა. ი-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.