¹ას-808-861-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ბ-ა» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «... უნივერსიტეტი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ «... უნივერსიტეტმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ბ-ას» მიმართ ქირის დავალინების _ 125500 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 76996 ლარის გადახდევინების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა სულ 163998 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ბ-ამ» მოპასუხის მიერ სადავო ფართის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება, სახელმწიფო ბაჟის _ 2045,80 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა, ადვოკატ ლ.გ-შვილის უფლებამოსილების დადასტურება ან უშუალოდ მხარის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი შპს «ბ-ას დირექტორ ნ. ბ-ძეს 2011 წლის 14 აპრილს პირადად ჩაბარდა.
სასამართლომ ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული 7-დღიანი ვადა აითვალა 2011 წლის 15 აპრილიდან და მიიჩნია, რომ იგი 21 აპრილს ამოიწურა, თუმცა აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ბ-ას» დირექტორმა ნ. ბ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი დროულად ვერ გამოასწორა საპატიო მიზეზით _ საზოგადოების წარმომადგენელმა მოიხსნა უფლებამოსილება, ახალი ადვოკატის აყვანა კი, ობიექტური გარემოებების გამო, ვერ მოხერხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ბ-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში შპს «ბ-ას» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლოს განჩინება ხარვეზის განსაზღვრის შესახებ აპელანტს 2011 წლის 14 აპრილს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად აითვალა ხარვეზის შესავსებად მხარისათვის მიცემული 7-დღიანი ვადა 2011 წლის 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით.
აღნიშნულის მიუხედავად, შპს «ბ-ას» პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებას არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტმა ხარვეზი საპატიო მიზეზით _ ადვოკატის მიერ უფლებამოსილების მოხსნისა და ახალი წარმომადგენლის დროულად აყვანის შეუძლებლობის გამო ვერ გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ბ-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.