Facebook Twitter

ას-809-758-2010 28 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის სააღსრულებო ბიურო

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შუახევის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ-ძემ აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. დ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ნ. დ-ძის სრულწლოვან ოჯახის წევრს - მის მეუღლეს ჩაჰბარდა 2010 წლის 29 მაისს. ნ. დ-ძემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 15 ივნისს. იმის გათვალისწინებით, რომ შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ნ. დ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2010 წლის 29 მაისს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას სსსკ-ის 61-ე მუხლის გათვალისწინებით წარმოადგენდა 2010 წლის 14 ივნისი (ბოლო ვადას წარმოადგენდა 12 ივნისი, მაგრამ 12 ივნისი იყო არასამუშაო დღე შაბათი). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 15 ივნისს, სააპელაციო საჩივრის 14 _ დღიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. დ-ძემ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 29 მაისს და, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2010 წლის 14 ივნისი, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანლ იქნა 2010 წლის 15 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შუახევის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა არა 2010 წლის 4 მაისს, არამედ 2010 წლის 18 მაისს, ასევე მან წარმოადგინა ექიმის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 11.06.2010 წლიდან 16.06.2010 წლამდე იყო ავად, ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ. მისი განმარტებით, მართალია, სააპელაციო საჩივარი მან შეიტანა 15 ივნისს, მაგრამ 17 ივნისს შუახევის რაიონულ სასამართლოში ასევე შეიტანა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ექიმის ცნობასთან ერთად, რაც ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა გავიდა საპატიო მიზეზის გამო, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წარადგინა სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ნ. დ-ძის სრულწლოვან ოჯახის წევრს - მის მეუღლეს ჩაჰბარდა 2010 წლის 29 მაისს, შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2010 წლის 14 ივნისის ჩათვლით (ბოლო ვადას წარმოადგენდა 12 ივნისი, მაგრამ 12 ივნისი იყო არასამუშაო დღე შაბათი). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 15 ივნისს სააპელაციო საჩივრის 14 _ დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, მან საპატიო მიზეზით ვერ შეიტანა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, იგი ავად იმყოფებოდა, რასაც ადასტურებს უბნის ექიმის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდეგნის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. დ-ძის მიერ წარმოდგენილი ცნობა ხელმოწერილია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, არამედ უბნის ექიმის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული ცნობა არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისიწინებულ გარემოებებს საპატიო მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. დ-ძემ ვერ დაადასტურა საპატიო მიზეზით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, ნ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.