ას-813-762-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ლ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს ამბროლაურის რაიონული განყოფილება” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ კანონის დარღვევით მიღებული საარსებო შემწეობის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს ამბროლაურის რაიონულმა განყოფილებამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-შვილის მიმართ კანონის დარღვევით მიღებული საარსებო შემწეობის _ 972 ლარის დაბრუნების მოთხოვნით და აღნიშნა, რომ მოპასუხე კანონის დარღვევით იღებდა მეტი ოდენობის ანაზღაურებას, ვიდრე მის ოჯახს ეკუთვნოდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს ამბროლაურის რაიონული განყოფილების” სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ლ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 972 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ლ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ნ.ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. ლ-შვილი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის 972 ლარის დაკისრების თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება _ 972 ლარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ 1000 ლარს არ აღემატება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ლ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ განიცდის ფინანსურ სიძნელეებს, მისთვის დაკისრებული თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში საქმე უკანონოდ გადაწყდება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ.ლ-შვილმა ¹ა-2545-10 განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულება 1 ფურცლად და 1 კომპაკდისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-შვილმა სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 972 ლარის გადახდა. ამდენად, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 972 ლარს, რაც კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის შესაძლებლობას გამორიცხავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ნ.ლ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-2545-10 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 1 ფურცლად და 1 კომპაკტდისკი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
ნ. ლ-შვილს დაუბრუნდეს ¹ა-2545-10 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 1 ფურცლად და 1 კომპაკტდისკი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.