¹ას-81-76-2010 22 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ლ. ო-ოვა
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. გ-აევი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 24 სექტემბერს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ო-ოვამ მოპასუხე ფ. გ-აევის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები 2005 წლიდან 2009 წლის ივლისის თვემდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობდა მშობლებთან და მოპასუხე მონაწილეობას არ იღებდა შვილების აღზრდაში, რის გამოც მოსარჩელე ითხოვდა ფ. გ-აევისათვის მცირეწლოვანი შვილების სრულწლოვანებამდე 2009 წლის ივლისის თვიდან 200-200 ლარის დაკისრებას (ს.ფ. 1-12).
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ფ. გ-აევმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნა, რომ მას შეეძლო ამ ეტაპზე თვეში ორივე ბავშვზე გადაეხადა 60 ლარი, თითოეულზე 30-30 ლარი (ს.ფ. 25-27).
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ო-ოვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ფ. გ-აევს დაეკისრა შვილების სარჩენად მათ სრულწლოვანებამდე 70-70 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის (ს.ფ. 53-54).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. გ-აევმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის მხოლოდ 30-30 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება. აპელანტი მიუთითებდა, რომ იყო უმუშევარი და ვერ შეძლებდა დაკისრებული ალიმენტის სრულად გადახდას (ს.ფ. 60-69).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ფ. გ-ავის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმეზე დგინდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფ. გ-აევს დაეკისრა 70-70 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება. ფ. გ-აევის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ალიმენტის ოდენობის 30-30 ლარამდე შემცირების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა აპელანტის მიერ ალიმენტის შემცირების მოთხოვნის ოდენობით, რისი გათვალისწინებითაც, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, არ აღემატებოდა 1000 ლარს, რაც ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 75-77).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. გ-აევმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას ასაბუთებს ის გარემოება, რომ მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება 70-70 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც შეადგენს 1680 ლარს და შესაბამისად, აღემატება 1000 ლარს (ს.ფ. 150-151).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. გ-აევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ფ. გ-აევი სასარჩელო მოთხოვნას ცნობდა თითოეულ ბავშვზე 30-30 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში. მარნეულის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. გ-აევს დაეკისრა 70-70 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. გ-აევმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ალიმენტის ოდენობის შემცირება 30-30 ლარამდე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებულია არა დაკისრებული ალიმენტის მთლიანი ოდენობის (70-70 ლარი), არამედ 30-30 ლარის სხვაობის ნაწილში, რაც შეადგენს 40-40 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ადგენს დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესს ალიმენტის გადახდევინების სარჩელის მიმართ, რომლის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 960 ლარს (80X12), რაც არ აღემატება 1000 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. გ-აევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.