ას-817-766-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ კ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ძე, მ. ვ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ძისა და მ. ვ-ძის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის ოჯახი 1925 წლიდან ცხოვრობს ქ.ბათუმში, ... ქ.¹39/9-ში მდებარე სახლთმფლობელობაში, იხდის კომუნალურ გადასახადებს და აწარმოვა არა ერთი მიშენება თუ სარემონსტო სამუშაოები. სახლის მესაკუთრეებად ირიცხებიან მოპასუხეები, რომელთაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ კ.კ-ძისა და მისი ოჯახის მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვაზე. გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო ფართში მოსარჩელეთა კეთილსინდისიერად, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ცხოვრების ფაქტი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმში, ... ქ.¹39/9-ში მდებარე ლიტერ “ბ-ს” მეორე სართულზე არსებულ, ვ. ბ-ძის სახელზე რიცხულ ¹22 და ¹24 ოთახებზე, ასევე ლიტერ “ა-ს” მეორე სართულზე მდებარე მ. ვ-ძის სახელზე რიცხულ ¹1 ოთახზე აღიარებულ იქნა კ. კ-ძის საკუთრების უფლება სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის მოპასუხეთათვის გადახდის სანაცვლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ.ვ-ძისა და ვ.ბ-ძის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო.
კ. კ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კ.კ-ძისათვის მიკუთვნებული ¹22 და ¹24 ოთახების ნაცვლად ¹24 და ¹31 ოთახების მითითება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს განჩინებით კ.კ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ.კ-ძე არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავო სახლთმფლობელობის ¹31 ოთახის მიკუთვნებაზე არ დავობდა და ითხოვდა ¹22 და ¹24 ოთახებზე საკუთრების უფლების გადაცემას. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და ჩათვალა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული უზუსტობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატამ განმარტა, რომ ვერ იმსჯელებს იმ ოთახის მხარისათვის მიკუთვნებაზე, რაზეც ამ უკანასკნელს მანამდე პრეტენზია არ განუცხადებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ.კ-ძის წარმომადგენელმა ა.ბ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: საქმეში წარმოდგენილი ტექბიუროს მასალებითა და სადავო ფართის აზომვითი ნახაზებით დგინდება, რომ კ. კ-ძის სარგებლობასა და მფლობელობაში იყო ¹31 და ¹24 ოთახები. სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ისარგებლა არასწორი ტექნიკური ნახაზით, სადაც შეცდომით დატანილი იყო ¹22 ოთახი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათ, არსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კ.კ-ძის მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან მხარეს არ მიუთითებია სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობაზე. ფაქტობრივად იგი ითხოვს განსხვავებული შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას, რაც დაუშვებელია და გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მხარეს სადავო სახლთმფლობელობის ¹31 ოთახი საქმის არსებითად განხილვისას არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში რაიმე უსწორობის გასწორების აუცილებლობა მხარემ ვერ დაასაბუთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.