Facebook Twitter

ას-820-769-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ც-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის გასხვისების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ქ-ავამ განცხადებით მიმართა სასამართლოს ვ. ც-ავას მიმართ და მოითხოვა ვ.ც-ავასათვის განმცხადებლის თანხმობის გარეშე ქ.ზუგდიდში, ... ქ¹40/33-ში მდებარე ბინის გასხვისების აკრძალვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ქ-ავას განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ბ. ქ-ავამ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ბ. ქ-ავას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ბ. ქ-ავამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით ბ.ქ-ავას განცხადება არ იქნა მიღებული წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ.ქ-ავას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების თაობაზე შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსჯადობის წესების დარღვევით, ვინაიდან ბ.ქ-ავას განცხადება ეხება განჩინებას, რომელიც არსებითად პირველი ინტანციის სასამართლომ განიხილა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარჩა უცვლელად. მართალია, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას სააპელაციო პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებაზე ითხოვს, მაგრამ აღნიშნული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, ამდენად, უფლებამოსილ სასამართლოს სწორედ ზუგდიდის რაიონული სასამართლო წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 425-ე, მე-7, 186-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ ბ.ქ-ავას განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში. მხარეს განემარტა, რომ უზრუნველყოფის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მას შეუძლია, მიმართოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. ქ-ავამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ბ.ქ-ავას განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითება იმ გარემოებაზე, რომ მხარეს განცხადებით უნდა მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. აღსანიშნავია, რომ ბ.ქ-ავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა როგორც სააპელაციო, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოებს.

სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია საქმის კანონიერად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოება იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მეუღლე ვ. ც-ავას ახლო ნათესავია.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბ.ქ-ავას მოთხოვნა თავისი განცხადების უზრუნველყოფა იყო, რადგან ფაქტობივად მხარე მოითხოვდა სადავო უძრავი ქონების მისი მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ საქმეზე წარმოების განახლებას და გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ბ.ქ-ავას ოჯახის გამოსახლების აკრძალვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება შეიტანოს განსჯად, ანუ იმ ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. კანონის აღნიშნული დანაწესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა მითითებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.

მოცემულ შემთხვევაში ბ.ქ-ავას საჩივარი არსებითად განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოაგენს სწორედ ზუგდიდის რაიონული სასამართლო. მხარემ კი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილების თაობაზე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბ.ქ-ავამ განსახილველი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსაც, თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული განცხადებით იგი ითხოვდა კვლავაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას, რაც ზემოხსენებული კანონის დანაწესს არ შეესაბამება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის განჩინება მისი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება