საქმე # 190100117002063219
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №388აპ-19 ქ. თბილისი
შ–ე კ., 388აპ-19 21 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძისა და მსჯავრდებულ კ. შ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ნუგზარ მახათაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებული კ. შ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:
კ. შ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
კ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
კ. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 12 ივლისს კ. შ–ე იმყოფებოდა ქ. .........ში, ..........ის ქუჩა №.-ში მდებარე სს ,,......... ბანკის” ფილიალში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ. ფ–ის საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა - 100 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და კ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.
7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფას, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი გადაწყვიტა in dubio pro reo შესაბამისად მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რის გამოც პროკურორის მოთხოვნა კ. შ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე ქურდობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ვერ იქნება გაზიარებული.
8. დაუსაბუთებელია ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივარიც, ვინაიდან დაზარალებულ ვ. ფ–ისა და მოწმეების - დ. მ–ის, თ. ლ–ის, კ. კ–ს, ზ. ბ–ის, ნ. ჯ–ის, ლ. მ–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კ. შ–ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძისა და მსჯავრდებულ კ. შ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე