¹ას-831-883-2011 29 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ «კ. ქ-ია»
მოწინააღმდეგე მხარე – შპს «კ-ი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ი/მ «კ. ქ-იას» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2011 წლის 09 თებერვლის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ «კ. ქ-იამ» და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ი/მ «კ. ქ-იას» დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, მისივე განცხადების საფუძველზე, 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 21 ივნისს.
2011 წლის 27 ივნისს კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ «კ. ქ-იას» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ი/მ «კ. ქ-იას» კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით. ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, მისივე განცხადების საფუძველზე, 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 21 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 22 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივნისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა შეევსო 24 ივნისის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობას, ვინაიდან იგი არ შეიცავს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და არც რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი/მ «კ. ქ-იამ» სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ «კ. ქ-იას» კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.