Facebook Twitter

ას-836-785-2010 23 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ქ-ნი

წარმომადგენელი _ დ.გ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ნმა საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც საქმეზე თ.ქ-ნის საარბიტრაჟი პრეტენზიის გამო თ. ს-ძის მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 35624 მუხლების პირველი ნაწილებით, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42.2 მუხლით და მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა უფლებამოსულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში _ მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს ამჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” კანონის საფუძველზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ, 2008 წლის 24 ნოემბერს, რის გამოც საჩივრის შეტანის 90-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და ამოიწურა 2010 წლის 31 მარტს, თ. ქ-ნმა კი საჩივარი შეიტანა 2010 წლის 16 აგვისტოს, კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 373-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ქ-ნის წარმომადგენელმა დ. გ-ნმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის უკუქცევითი ძალა არასწორად მიანიჭა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივრის 90 ვადა არასწორად აითვალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ნის წარმომადგენელ დ. გ-ნის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

მოცემულ შემთხვევაში თ.ქ-ნი კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც თ.ქ-ნის საჩივარი საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებილ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ქ-ნის წარმომადგენელ დ. გ-ნის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თ. ქ-ნს უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 7 სექტემბერს დ. გ-ნის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ქ-ნის წარმომადგენელ დ. გ-ნის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

თ. ქ-ნს დაუბრუნდეს დ. გ-ნის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.