Facebook Twitter

ას-83-73-2011 23 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ბ.”, ი. ყ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ბ-ს» და ი. ყ-შვილის მიმართ და მოითხოვა ამხანაგობა «..-2-ის» 2002 წლის 13 სექტემბრის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-3 და მე-6 მუხლებისა და 2003 წლის 14 იანვრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, სასამართლოს მიერ აღიარება, რომ შპს «ბ-ს» ამხანაგობა «..-2»-ში მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი სახლის საერთო ფართიდან 25% წილზე არა აქვს უფლება მოპოვებული.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა ლ. ჭ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით ლ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ჭ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა, რის გამოც მოითხოვა მისი აღდგენა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ. ჭ-ძის წარმომადგენელ კ. ქ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 6 დეკემბერს (იხ. ტ.I, ს.ფ. 252); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 20 დეკემბერი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 21 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ. 259-277).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავისმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში ტელეფონის საშუალებით შეატყობინა გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე და სთხოვა თავადვე შეედგინა და წარედგინა სააპელაციო საჩივარი, რადგან თვითონ მიემგზავრებოდა რაიონში. ვინაიდან, მითითებულ პერიოდში ცუდად იყო და ამასთან, სავარაუდოდ არასწორად გამოთვალა გასაჩივრების ვადა, სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში ერთი დღით დააგვიანა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც კერძო საჩივარში ლ. ჭ-ძე თავადვე მიუთითებს, რომ გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რომლის აღდგენა დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს ლ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.