ას-83-78-10 6 მაისი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჭ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ჯ-ელი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ჯ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჭ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ... მე-5 კვარტლის, კორპუს 5-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც თვითნებურად დაიკავა ნ. ჭ-შვილმა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, იგი არ ათავისუფლებს აღნიშნულ ფართს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა მისი გამოსწორება.
2009 წლის 14 დეკემბერს ნ. ჭ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად მითითებული იყო გორის რაიონული სასამართლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გასწორდა აღნიშნული უსწორობა.
ნ. ჭ-შვილს 2009 წლის 15 დეკემბერს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის განჩინება და 2009 წლის 15 დეკემბრის უსწორობის გასწორების განჩინება.
ნ. ჭ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უსახსრობის გამო ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ჭ-შვილის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ჭ-შვილმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 30 დეკემბერს მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა კი ამოიწურა 29 დეკემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება ნ. ჭ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 19 დეკემბერს. ხარვეზის შევსების 10 დღის ათვლა დაიწყო 2009 წლის 20 დეკემბრიდან და დამთავრდა 2009 წლის 29 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი – არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-შვილმა. მან მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაევალა ხარვეზის შევსება, ამასთან, განჩინებაში ხარვეზის დადგენის შესახებ მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად გორის რაიონული სასამართლო. აღნიშნული უსწორობა გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით. მას გამოეგზავნა ზემოაღნიშნული განჩინება და ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება განუხილველად დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ჯერ უსწორობის გასწორობის განჩინება უნდა შესულიყო კანონიერ ძალაში და შემდეგ უნდა ემსჯელა სასამართლოს ხარვეზზე. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, როგორც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების გაუქმება, ისე საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა მისი გამოსწორება. ნ. ჭ-შვილს 2009 წლის 15 დეკემბერს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის განჩინება და 2009 წლის 15 დეკემბრის უსწორობის გასწორების განჩინება.
ხარვეზისა და უსწორობის გასწორების განჩინებები ნ. ჭ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 19 დეკემბერს. ხარვეზის შევსების 10 დღის ათვლა დაიწყო 2009 წლის 20 დეკემბრიდან და დამთავრდა 2009 წლის 29 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი – არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ნ. ჭ-შვილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
გარდა ამისა, ნ. ჭ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უსახსრობის გამო ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ჭ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. ჭ-შვილმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 30 დეკემბერს მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა კი ამოიწურა 29 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა მის მიერ საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი, რის გამოც არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და 2010 წლის 8 იანვრის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.