ას-845-794-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ა-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ქ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ქ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-შვილის მიმართ მოპასუხის მიერ მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მოძრავი ნივთების დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეები არიან მეზობლები. ზ.ქ-იამ მ.ა-შვილს მიჰყიდა კუთვნილი სარდაფის ნაწილი, თუმცა მოპასუხე ხელს უშლის მას სარდაფის დარჩენილი ნაწილით სარგებლობაში და მანვე მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის სარდაფში ჩასასვლელით სარგებლობისას ხელშეშლა, მასვე გადაეცა ჩასასვლელი კარის გასაღები და მოხდა საერთო სარგებლობის ფართში მოპასუხის მიერ დამონტაჟებული სტელაჟების დემონტაჟი, ზ. ქ-იას სარჩელი მოპასუხის ფართში დამონტაჟებული სტელაჟების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ა-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტ მ.ა-შვილს სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ა-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, ვინაიდან აპელანტის სადავო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ მ.ა-შვილის ავადმყოფობით, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აპელანტ მ. ა-შვილს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე არ გამოცხადდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მ.ა-შვილი სადავო სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა და ვერც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ აცნობა სააპელაციო პალატას, ვინაიდან იგი იყო ავად და ობიექტურად არ გააჩნდა ზემოხსენებული საპროცესო მოქმედებების შესრულების შესაძლებლობა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობებით, რომელთა მიხედვით 2010 წლის 2 აგვისტოს მ. ა-შვილმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ქ.თბილისის ¹3 სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრს”, ავადმყოფის სტაციონარში გაგზავნისას მისი მდგომარეობა იყო მძიმე, მ.ა-შვილი უმეტესად მწოლიარეა და საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი კანონის ზემოხსენებულ დანაწესს შეესაბამება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა გაუქმდეს და საქმე გაეგზავნოს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება