¹ას-847-898-2011 20 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სს «...-მა» მოპასუხე გ. გ-ძის მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 302-309-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღება, რომლითაც გ. გ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა დავალიანების გადახდა 2888.47 ევროს ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადახდის ბრძანებით სს «...ს» განცხადება დაკმაყოფილდა: გ. გ-ძეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 2888.47 ევროს გადახდა (ტომი I, ს.ფ. 16).
ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განჩინებით, მოპასუხის პროტესტის საფუძველზე, დადგინდა დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის საერთო სასარჩელო წესით განხილვა (ტომი I, ს.ფ. 31-32).
მოგვიანებით, გ. გ-ძემ საქალაქო სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით, რომლითაც მან მოითხოვა სს «...სათვის» ზიანის ასანაზღაურებლად 30000 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 40-50).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «...ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2888.47 ევროს გადახდა; გ. გ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 152-159).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 36100 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 172-180).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული 2011 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით, არ იქნა განხილული აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ და გაგრძელდა საქმის განხილვა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მხარე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 53-55).
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლო სხდომის დღეს აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. შუამდგომლობა მოტივირებული იყო იმით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა აპელანტს არ აძლევდა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. მართალია, სააპელაციო საჩივრის შედგენისას გ. გ-ძემ სათანადო გრაფაში მიუთითა, რომ სურდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მან ვერ შეძლო ამის განხორციელება. სწორედ დასახელებული მიზეზით ითხოვა აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლის დანაწესს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 60).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
გასაჩივრებული განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ ზ. თ-ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი აქტით – ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, დასტურდება, რომ წარმომადგენელს ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 48). აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტის ინფორმირებად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სასამართლო სხდომის დაწყებამდე მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. დასახელებული შუამდგომლობით მან ითხოვა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდა სასამართლო პროცესში (ტომი 2, ს.ფ. 49).
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ავადმყოფობის ცნობა, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა. მითითებული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საგულისხმოა, რომ ხსენებული ნორმით კანონმდებელი ავადმყოფობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, თუკი იგი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ასეთი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან გამომდინარე, მის მოვალეობას შეადგენდა.
კერძო საჩივრის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა შემოწმდეს ასევე, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არამარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
ზემოხსენებული ნორმა ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას, მაგრამ ამისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, მაშინ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მხარეთა თანხმობა აუცილებელი არ არის. იმ შემთხვევაში კი, თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებასაც, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, მაშინ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით.
განსახილველ შემთხვევაში გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი შეიცავს პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებასთან მიმართებით, ანუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას. ასეთ ვითარებაში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა აუცილებლად მოითხოვდა მხარეთა წერილობით თანხმობას. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის _ სს «...ს» წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტს სწორად ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.