¹ას-848-899-2011 6 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბასარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. მ-ვას საკასაციო საჩივრის (თავისი არსით კერძო საჩივრის) წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «.... ბანკის» სარჩელის გამო, მოპასუხეების: თ. მ-ვას, ნ. ს-ძისა და შ. გ-იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეცა თ. მ-ვას საკასაციო საჩივარი, რომელშიც მხარე მიუთითებს, რომ ასაჩივრებს 2011 წლის 16 მაისის განჩინებას. საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება, რომლითაც, თ. მ-ვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს კერძო საჩივრით და არა საკასაციო საჩივრით.
საქმეში წარმოდგენილი თ. მ-ვას საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგადაც ნათელია, რომ ის თავისი შინაარსით არის კერძო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე _ 78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება თ. მ-ვას ჩაბარდა 2011 წლის 4 მაისს (ტ.I, ს.ფ.193), ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 მაისს და ამოიწურა 2011 წლის 16 მაისს. გამომდინარე აქედან, თ. მ-ვას კერძო საჩივარი უნდა შემოეტანა 2011 წლის 16 მაისს, მან კი სასამართლოს მიმართა 2011 წლის 20 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. მ-ვამ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ვას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.